საქართველოს 18-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები მონტენეგროსთან დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობას აგრძელებს საქართველოს 18-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრები. ჩვენმა გუნდმა ტურნირზე მეოთხე შეხვედრა მონტენეგროსთან ჩაატარა და 78:82 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში მოედანზე საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე იყო 15 ქულით, 13 ქულა ჰქონდა ნიკოლოზ აბულაძეს, ხოლო 8-8 ქულა მეტოქის კალათში გეგა წულაიამ და ამირან აროშიძემ ჩააგდეს.
მონტენეგრო ჯგუფის ლიდერია და საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე სამივე შეხვედრა მოგებული ჰქონდა. ირაკლი ძიძიგურის გუნდთან მატჩი კი მონტენეგროელებისთვის იოლი არ გამოდგა. მეტოქემ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ შეხვედრის მიწურულს მოახერხა.
საქართველოს ნაკრები B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო თამაშს დღეს ბოსნია-ჰერცეგოვინას წინააღმდეგ ჩაატარებს. ტურნირზე ქართველებმა ერთი შეხვედრის მოგება მოახერხეს, სამი კი დათმეს.