საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ქუთაისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მეორე ტურში თურქეთს უმასპინძლა და მძიმე დაპირისპირებაში მეტოქე 3:1 დაამარცხა.
გიორგი ჩიტაურის გუნდს პირველი ტურში 8 წამყვანი მოთამაშე ვირუსის გამო დააკლდა და სერბეთთან 0:3 დამარცხდა. ამჯერად კი, „რამაზ შენგელია არენაზე“ გამართულ შეხვედრაში არანაკლებ ძლიერ გუნდთან გამოჯანმრთელებულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს და გუნდის რეალური ძალა გამოჩნდა.
ჩვენი ნაკრები თურქეთს დეკემბერში ორჯერ შეხვდა – ერთი მატჩი ფრედ (1:1) დაასრულა, ერთიც მოიგო (2:1). ამჯერადაც ჩვენმა გუნდმა თამაში მეტოქეზე უკეთ ჩაატარა. მთავარი ამბები თამაშის ბოლოს მოხდა. 66-ე წუთზე ნიკოლოზ ელისაშვილის გადაცემით ანგარიში მათე შათირიშვილმა გახსნა.
ათ წუთში რეზი დანელიას გადაცემით თავი „ბრიუგეს“ ასაკობრივი გუნდის თავდამსხმელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა გამოიჩინა. ბოლო წუთებში თურქებმა დიდი ძალებით შეუტიეს და 90+1-ე წუთზე კიბილაი გულმენის დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა სტუმრებმა, მიზნის მიღწევის ნაცვლად, საკუთარ კარში მესამე გოლიც მიიღეს. დამატებულ მე-14 წუთზე ჩვენი გუნდის კონტრშეტევა ჰალიდ დოლტმურზიევმა ლაშა ხუციშვილს გაუგრძელა, რომელმაც თურქების კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1.
საქართველო U17 – თურქეთი U17 3:1
გოლები: 1:0 შათირიშვილი (66. ელისაშვილის პასით), 2:0 დოლტმურზიევი (76 დანელიას პასით), 2:1 გულმენი (90+1), 3:1 ხუციშვილი (90+14. დოლტმურზიევის პასით)
ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრას 26 მარტს გამართავს. საქართველოს 17-წლამდელების გუნდის მეტოქე დანია იქნება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.