საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთთან მატჩი ბოლო წამებზე დათმო #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთთან მატჩი ბოლო წამებზე დათმო #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა დასანანი მატჩი დათმო სოფიაში, ფიბა-ს 16-წლამდელთა ევროჩელენჯერის სადებიუტო შეხვედრაში. ირაკლი ტომარაძისა და ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი ქართველები სლოვაკეთთან საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე მიღებული სამქულიანით – 76:77 დამარცხდნენ. 

ქართველების სასარგებლოდ 14-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა პირველი პერიოდის ბოლოს. საქართველომ საწყის მეოთხედში 8 ცდიდან 6 სამქულიანი ჩააგდო და 2-წუთიან შესვენებაზე 30:16-ს იგებდა. ტომარაძის გუნდს თითქოს არაფერი ემუქრებოდა, თუმცა მეორე მეოთხედში სლოვაკებმა პერიმეტრი გადაკეტეს და ჩვენს ბიჭებს ფარქვეშ ჯაბნიდნენ. შედეგად ჩამორჩენა გააბათილეს და დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა დიდ შესვენებამდე ქართველებმა ლიდერობა დაიბრუნეს და გასახდელში 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 50:46.

საქართველოს ნაკრებმა მესამე პერიოდში სათამაშო უპირატესობა დაიბრუნა და პერიოდის მოგებით ბოლო ათწუთეულის წინ 7-ქულიანი ლიდერობა მოიპოვა. ბოლო პერიოდში გათამაშდა დრამა. საქართველო 5 ქულით, 74:69 იგებდა, როცა თამაშის დასრულებამდე 3 წუთზე ნაკლები რჩებოდა, სლოვაკებმა მედგარი დაცვისა და შეტევაში უკეთ გარჯის ხარჯზე საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს.

2 ქულით დაწინაურებული საქართველო ბოლო წუთზე უტევდა, მაგრამ მეტოქის საჯარიმომდე მიტანილი ბურთი დაკარგა და სლოვაკებს შესატევად 24 წამი დარჩათ. ქართველებმა ერთხელ ტაქტიკური ჯარიმა აიღეს, შემდეგ დაცვაში იყოჩაღეს და მეტოქეს არ ჩააგდებინეს. აცილებული ბურთი ქართველებს პირით ხაზს მიღმა გაექცათ და შეტევა სლოვაკებს დარჩათ. წუთშესვენებაზე დაგეგმილი კომბინაცია სლავებმა ზუსტად გაითამაშეს და შეხვედრის განახლებიდან 3 წამში, ანუ დასრულებამდე 7 წამით ადრე ლიუბომირ ურბანმა მაროშ შიმკოს პასით გამარჯვების სამქულიანი კუთხიდან ჩააგდო.

ქართველებს შესატევად საკმარისი დრო და რაც მთავარია, წუთშესვენება დარჩათ, რომელიც, ცხადია, აიღეს და გადამწყვეტი შეტევა დაგეგმეს. სამწუხაროდ, ბოლო წამებზე ვერც ნიკოლოზ აბულაძემ ჩააგდო და ვერც თენგო გოგიშვილმა.

ჩვენს ნაკრებში საუკეთესო შედეგი ლუკა ლომიძემ დააფიქსირა, რომელმაც 18 ქულა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 12-12 ქულა დააგროვეს ნიკა აბულაძემ და ლუკა ალავიძემ. 11-11 ქულა გიორგი ბერუაშვილისა და თენგო გოგიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს კვიპროსს დაუპირისპირდება, რომელიც დღეს უნგრეთთან 24 ქულით დამარცხდა. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

gbf.ge