საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ასაკობრივმა ნაკრებმა, რუსთავში დასრულებულ უეფა-ს განვითარების თასზე აზერბაიჯანის გუნდი დაამარცხა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
პირველი მატჩი ჩვენმა გუნდმა ზამბიის ნაკრებთან ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დაასრულა, პენალტების სერიით კი აფრიკული ქვეყნის გუნდი 4:3 დაამარცხა. ამის შემდეგ აზერბაიჯანელებმა ზამბიასთან 1:3 წააგეს და საქართველოსთან შეხვედრა გადამწყვეტი იყო.
საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს პირველივე წუთებიდან შეუტია, მაგრამ მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, დაცვაში კი უყურადღებოდ თამაშობდა და ორ ეპიზოდში გადარჩა. მეორე ნახევარში ჩვენი გუნდის უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, რაც შედეგშიც აისახა.
50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მარცხენა ფლანგზე შეტევა სწრაფად განავითარა, საბა გეგუჩაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა და მეკარესთან პირისპირ ავთანდილ მაშავა დატოვა, რომელმაც ჩვენი გუნდი დააწინაურა 1:0.
65-ე წუთზე იუსუფ მეხტიევს საქართველოს ნაკრების უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ სტუმართა მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და აზერბაიჯანის გუნდი მეორე გოლისგან იხსნა. შანსები სტუმრებსაც ჰქონდათ. საბოლოოდ, გიორგი ხიზანიშვილის გუნდმა 1:0 მოიგო.
საბოლოოდ, უეფა-ს განვითარების თასზე საქართველოს ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა, ზამბიამ – 3, ხოლო აზერბაიჯანმა ტურნირი უქულოდ დაასრულა და ბოლო ადგილზე დარჩა.