საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გამარჯვებით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთის ქალაქ პიტეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი B დივიზიონში გამარჯვებით გახსნა. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ბოსნია-ჰერცოგოვინა 90:61 დაამარცხა.

მატჩის განმავლობაში ქართველ კალათბურთელებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და ყველა მეოთხედში გაიმარჯვეს (25:14, 24:17, 17:16, 24:14).

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო იყო ავთანდილ ბახტაძე, რომელმაც 22 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გიორგი ცაგარეიშვილმა, მას 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი ჰქონდა. საკუთარ გუნდს 10-10 ქულით დაეხმარნენ ნიკოლოზ კობაიძე და გიორგი ნიკოლაევი.

ბოსნიისა და საქართველოს გარდა, ჯგუფში რუმინეთის, ისლანდიისა და ავსტრიის 16-წლამდელთა ნაკრებებიც არიან. საქართველოს ეროვნული გუნდი მორიგ შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე მასპინძელ რუმინეთთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ცინცაძისა და ტყეშელაშვილის კრებული მომდევნო ეტაპისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.