საქართველომ უკრაინული ტურნირი მოგებით დაიწყო
საქართველომ უკრაინული ტურნირი მოგებით დაიწყო

დღეს კიევში ვიქტორ ბანიკოვის სახელობის ტრადიციული ტურნირი დაიწყო. საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო – ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა ტრადიციულად უხერხული მეტოქე, ლიეტუვა 2:1 დაამარცხეს.

ანგარიში ლიეტუვის ნაკრებმა გახსნა – მე-15 წუთზე მოტეიშუს ბურბას დარტყმა ზუსტი გამოდგა და მეტოქე დაწინაურდა 0:1. საქართველოს ნაკრებმა მდგომარეობის გამოსწორება მეორე ნახევარში მოახერხა: სამწუთიან მონაკვეთში პატარა „ჯვაროსნებმა“ ორი გოლის გატანა შეძლეს. 47-ე წუთზე თავი თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა, ხოლო 50-ეზე გამარჯვების გოლის ავტორი გიორგი აბუაშვილი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ხარშილაძე, ჭინჭარაული, ხვადაგიანი, კვარაცხელია, მირზიკაშვილი, ტალახაძე, ბენდიანიშვილი, აბუაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, კონიაშვილი.

შეცვლაზე: ოსიყმაშვილი, დევდარიანი, ოგბაიძე, ტორონჯაძე, ხურცილავა, კაპანაძე.

ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 16 აგვისტოს გამართავს – გუნდის მეტოქე სლოვაკეთი იქნება.