საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT
რუბიკონის ზღვარი, ფაქტობრივად, გადალახულია – ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა საფრანგეთს უმასპინძლა და ძალიან დაძაბულ მატჩში დაამარცხა, რამაც გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გაუნაღდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდს ოთხი ტრავმირებული მოთამაშე დააკლდა. ალექსანდრე ჯამბურია, ნიკა კურტანიძე, სიმი საიოტი და არჩილ სებისკვერაძე. თუმცა, სამწვრთნელო შტაბი იმედიანად იყო და გუნდს გულშემატკივარიც ამხნევებდა, რომელმაც ტრიბუნების 30 პროცენტი შეავსო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩს რუსი არბიტრები სჯიდნენ – რუსეთი ჩვენი ჯგუფის მონაწილეა და ეს უეფა-სგან ეს ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო.
საქართველოს ნაკრებისთვის მატჩი ცუდად დაიწყო. ფრანგების შეტევა ზვიად კუპატაძემ საჯარიმოს გარეთ შეაჩერა და გუნდი გადაარჩინა, მაგრამ, მე-3 წუთზე ფრანგებმა მაინც გაიტანეს. სწრაფი კონტრშეტევა ლანდრი ნგალამ დააგვირგვინა. ერთ წუთში კი ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლეგიონერი, ბრუნო პეტრი დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მალე გაათანაბრა. თალესმა საჯარიმო ძლიერად და ზუსტად შეასრულა და ფრანგების მეკარეს შანსი არ დაუტოვა. ზუსტად 16 წამში შაგინიას მოწოდებული ბურთი კარში რონინიომ გაუშვა და საქართველო 2:1 დააწინაურა.
ამის შემდეგ შაგინიამ ძალიან კარგი მონაკვეთი ჩაატარა, მისი დარტყმული ძელს მოხვდა, ფრანგებმა კი სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და სიდ ბელჰაჯიმ წონასწორობა ისევ აღადგინა. თუმცა, შესვენებამდე 5 წამით ადრე კუთხურის გათამაშების შემდეგ რონინიომ თალესს უპასა, მან კი ფრანგების დაცვაში მინიმალური ხვრელი მოძებნა და ზუსტი დარტყმით სტუმრებს ბურთი „გასახდელში“ გააყოლა – 3:2.
მეორე ტაიმი ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და სამჯერ ზედიზედ ძელს მოარტყეს. ამ ეპიზოდებში ჩვენი გუნდი აშკარად გადარჩა. 27-ე წუთზე კი რონინიომ შეუტია და ძელმა ამჯერად სტუმრები იხსნა. მალე ჩვენებმა შეუტიეს და მიზანს ოდნავ ააცილეს. საქართველოს ნაკრების კონტრშეტევაზე მორიგი შანსი ფუმასას და ბრუნო პეტრის ჰქონდათ და ორივეჯერ მეკარემ კარგად ითამაშა. ფრანგებმა ბოლო წუთებზე შტურმი მოაწყვეს, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 3:2 მოიგო.
სხვა ჯგუფებში მატჩები დღეს გაიმართება და საერთო სურათი მხოლოდ ამის შემდეგ გვეცოდინება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, ხუთი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს 10 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს კი ჯგუფის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა.
ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს. საქართველოს ნაკრებს კი არსებობის ისტორიაში მსგავსი შანსი ფაქტობრივად პირველად მიეცა – „ჯვაროსნები“ ევროპის ჩემპიონატზე, უდიდესი ალბათობით, გასულები არიან, რადგან ახლა საუკეთესო მეოერადგილოსნებში საუკეთესოები არიან.
სიმბოლურია, რომ ეს ამბავი 9 აპრილს მოხდა, დღეს, როდესაც საქართველომ ტრაგედია გადაიტანა, შემდეგ კი დამოუკიდებლობა გამოაცხადა – ამისთვის ბრძოლა ღირდა.
საქართველო – საფრანგეთი 3:2
გოლები: 0:1 ნგალა (3), 1:1 ტალესი (6), 2:1 რონინიო (6), 2:2 ბელჰაჯი (13), 3:2 თალესი (20)
09.04. 2021. თბილისი. ახალი სპორტის სასახლე. 1200 მაყურებელი
საქართველო: კუპატაძე – რონინიო, თალესი, ბინიო, ელისანდრო – ბუკია (მ), შაგინია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, ბრუნო პეტრი
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
საფრანგეთი: არუნი – რამირესი, ა. მოჰამედი, ნგალა, მუჰუდინი – დურო (მ), ბელჰაჯი, ტურე, კებე, ბა, ლუტენი, ზაქეხი, ალა, დე სა ანდრადე
მთავარი მწვრთნელი: პიერ ჟაკი
პირველი მსაჯი: იური ნევეროვი (რუსეთი)
მეორე მსაჯი: გრიგორი ზელანცოვი (რუსეთი)
გაფრთხილებები: კუპატაძე (2), რამირესი (16), ა. მოჰამედი (20), პეტრი (40)
ჯგუფის მეორე მატჩი ერევანში გაიმართა და რუსეთის ნაკრებმა სომხეთი 2:5 დაამარცხა. 5 ტურის შემდეგ ჩვენი ჯგუფის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
ევრო2020-ის მე-2 ჯგუფის სატურნირო ცხრილი
რუსეთი 5 15
საქართველო 5 10
საფრანგეთი 5 2
სომხეთი 5 1
ბოლო ტურის მატჩები
4 აპრილი
რუსეთი – საქართველო
საფრანგეთი – სომხეთი