საქართველომ ლიტვა დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებმა ლიტვა დიდი ანგარიშით – 4:0 დაამარცხა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ლიტვას ამხანაგურ შეხვედრაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით დაიწყო. მე-9 და მე-13 წუთზე მათ მეტოქის კართან ორი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა შეტევა ლოგიკურ დასასრულამდე ვერ მიიყვანეს.

მატჩის პირველი გოლი მე-14 წუთზე გავიდა. ჩაკვეტაძის პასი ნავალოვსკიმ ერთი შეხებით შეაბრუნა საჯარიმოში, პაპუნაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გახსნა. ათიოდ წუთში მასპინძლებმა შეხვედრის მეორე გოლი გაიტანეს. საჯარიმოში ჩაწოდებული გადაცემა ქვილითაიას თავური დარტყმის შემდეგ მექოტეს მოხვდა და კარში გავიდა – 2:0. 31-ე წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა სტუმრების კარში საკამათო თერთმეთმეტრიანი დანიშნა, რომელიც ვაკო ყაზაიშვილმა ზუსტად შეასრულა. ტაიმის მე-4 გოლი დებიუტანტმა ჩაკვეტაძემ გაიტანა, რომელიც პირველ ნახევარში მოედანზე საუკეთესო იყო. ვაკო გვილიას გადაცემა ჩაკვეტაძემ კარგად დაამუშავა, საჯარიმოში ერთ მეტოქეს ცრუ მოძრაობით გასცდა და თავისი პირველი სანაკრებო გოლი მიითვალა.

პირელი ტაიმის შემდეგ – საქართველო 4:0 ლიტვა.

დაპირისპირების მეორე ნახევარში თამაშის ტემპი დავარდა და ბურთს სტუმრები უფრო ხშირად აკონტროლებდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრები უფრო მწვავედ უტევდა. 54-ე წუთზე კარისკენ კაკაბაძემ დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა. სახიფათო ეპიზოდი 78-ე წუთზე არაბულის დარტყმას მოჰყვა, რომელიც მეკარემ მოიგერია. საბოლოო ჯამში მეორე ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მომდევნო ამხანაგურ მატჩს საქართველოს ნაკრები ესტონეთის წინააღგმდეგ 27 მარტს გამართავს.

დატოვე კომენტარი