ფიფა-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, რომელმაც 2020 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი გამოავლინა, ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა მხარი ვის დაუჭირეს.
ფიფა-ს ვერსიით, 2020 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად – ზედიზედ მეორედ „ლივერპულის“ გერმანელი მენეჯერი იურგენ კლოპი.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრმა, ზურაბ ხიზანიშვილმა დაახლოებით მსგავსი არჩევანი გააკეთეს. ორივემ საუკეთესო მოთამაშის კანდიდატურა გამოიცნო და მხარი ლევანდოვსკის დაუჭირა.
შემდეგ მათი არჩევანი გაიყო – კანკავამ ლიონელ მესი მეორეზე დაასახელა, ხოლო კრიშტიანო რონალდო – მესამეზე. ხიზანიშვილმა კი რონალდო მეორეზე, მესამეზე კი – ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი.
საუკეთესო მწვრთნელად ორივემ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი აირჩია, ხოლო საუკეთესოდ აღიარებული „ლივერპულის“ გერმანელი მენეჯერი იურგენ კლოპი – მეორე პოზიციაზე. განსხვავება მესამეადგილოსნებშია – კანკავამ მესამეზე „სევილიას“ მთავარი მწვრთნელი ესპანელი ხულენ ლოპეტეგი გაიყვანა, ხოლო ხიზანიშვილმა – „რეალის“ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.
ჯაბა კანკავა
ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი, ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო
მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი, იურგენ კლოპი, ხულენ ლოპეტეგი
ზურაბ ხიზანიშვილი
ფეხბურთელი: რობერტ ლევანდოვსკი, კრიშტიანო რონალდო, სერხიო რამოსი
მწვრთნელი: ჰანს-დიტერ ფლიკი, იურგენ კლოპი, ზინედინ ზიდანი