2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში (სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს) დღის მეორე შეხვედრა კოპენჰაგენში გაიმართა – დანიამ შვეიცარია მიიღო, დაამარცხა და ჯგუფში ირლანდიასთან ერთად გალიდერდა.
„თელია პარკენზე“ გამართული ამ დაძაბული შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას შვეიცარიელები ფლობდნენ – ორ ეპიზოდში მასპინძლები მეკარე კასპერ შმეიხელმა აშკარა გოლისგან იხსნა. დანიელებმა მეორე ნახევარში თამაში გამოასწორეს და სასურველ შედეგს მიაღწიეს. 85-ე წუთზე დანიელებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, კრისტიან ერიკსენის გადაცემის შემდეგ „ლაიფციგის“ თავდამსხმელი იუსუფ პოულსენი მეკარესთან პირისპირ დარჩა, შვეიცარიელთა კარი აიღო და დანიას მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა 1:0.
დანიამ 12 ქულა დააგროვა და „დ“ ჯგუფის ლიდერს, ირლანდიას გაუთანაბრდა, რომელმაც თბილისში საქართველოს დამარცხება (0:0) ვერ მოახერხა და ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს. 8 ქულით მესამეზე შვეიცარიაა, საქართველო (5 ქულა) მეოთხეზეა, ხოლო ბოლო ადგილზე უქულო გიბრალტარია.
საქართველოს ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში უახლოეს შეხვედრას 15 ოქტომბერს გასვლაზე გიბრალტართან ჩაატარებს.