საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩში გიბრალტარს „დინამო არენაზე“ უმასპინძლა.
„ჯვაროსნებმა“ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და 20 წუთის შემდეგ ბურთის ფლობა 80/20-ზე იყო მასპინძლების სასარგებლოდ, თუმცა გიბრალტარი თავს კარგად იცავდა და მათ კართან განსაკუთრებით სახიფათო ეპიზოდი არ შექმნილა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გამორჩეული იყო დებიუტანტი კვარაცხელია, რომელიც ბურთის მიღებისას მდგომარეობის გამწვავებას მუდამ ცდილობდა. 28-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მერებაშვილი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა მისი გასროლა არაზუსტი აღმოჩნდა.
„ჯვაროსნებმა“ ანგარიში 30-ე წუთზე გახსნეს, როდესაც კაკაბაძე-კვარაცხელიას კომბინაციის შემდეგ საჯარიმოში ბურთი ვაკო გვილიამ მიიღო და სტუმრების კარი ძლიერი დარტყმით აიღო.
ტაიმის დასრულებამდე მასპინძლებმა კიდევ რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოო ჯამში, პირველი ნახევარი ანგარიშით 1:0 მოიგეს.
მატჩის მეორე ნახევარში ვითარება არ შეცვლილა და უპირატესობას კვლავ საქართველოს ნაკრები ფლობდა. 51-ე წუთზე კანკავას შორეული დარტყმის შემდეგ გიბრალტარის მეკარემ შეცდომა დაუშვა და ბურთი ცუდად მოიგერია. სამწუხაროდ, ამ ეპიზოდში ბურთი კარის ნაცვლად კუთხურზე გადავიდა. ზუსტად ხუთ წუთში არველაძემ გვილიას საჯარიმოში ბურთი შეაყოლა და თავდამსხმელს დუბლის შესრულების შანსი მისცა. ამჯერად გვილიას დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, 59-ე წუთზე გიორგი პაპუნაშვილმა საჯარიმოს მისადგომებთან სწორედ გვილიას პასი მიიღო და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 2:0.
66-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოსთან კვლავ მერებაშვილი აქტიურობდა, მაგრამ მისი დარტყმა პირდაპირ მეკარეს მიუვიდა ხელებში. ზუსტად ორ წუთში საჯარიმოში ჩაწოდება კვლავ პაპუნაშვილის აქტიურობას მოჰყვა – გვილიამ და არველაძემ ერთმაენთს არ დააცადეს და საქარველოს ნაკრებმა მესამე გოლის გატანის 100 პროცენტიანი შანსი გაუშვა ხელიდან. 77-ე წუთზე გიბრალტარის კარში 11 მეტრიანი დარტყმა დაინიშნა. ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებით დარტყმა ვატო არველაძემ შეასრულა და ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 3:0. საბოლოოდ, მატჩი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს „ჯვაროსნები“ ათ ივნისს, დანიასთან გამართავენ. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.