საქართველომ ფიჯი ანგარიშით 12:8 დაამარცხა - დრამატული ბოლო წამები ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე
ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ ფიჯის დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფიჯელთა უპირატესობით დაიწყო და მერვე წუთზე საქართველო მუნცმა დაალელოვა. გაშვებული ლელოს შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოუმატა და მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში გამაგრდა, თუმცა ქულის მოპოვება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა. 25-ე წუთზე ქართველებმა კარგი შეტევა განავითარეს და კორიაულმა ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა, თუმცა მანამდე კიდეზე დააბიჯა ფეხი და ლელო არ ჩაითვალა. 34-ე წუთზე ხუთი ქულის მოპოვების შანსი უკვე ფიჯელებს ჰქონდათ. ამჯერად, მათ კვაჭს, იკანივერეს ბურთი ზედ ლელოს ხაზთან დაუვარდა. საბოლოოდ, მატჩის პირველი ნახევარი ფიჯელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 5:0 დასრულდა.
მეორე ნახევრის პირველი ქულები კვლავ ფიჯელებმა მოიპოვეს. მუნცმა საჯარიმო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა რვა ქულამდე გაზარდა. 61-ე წუთზე იაშაღაშვილმა ახალგაზრდა „ბორჯღალოსნების“ პირველი ლელო დადო, აბჟანდაძემ გარდასახვა გაიტანა და სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. მატჩის მეოთხმოცე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. დაპირისპირების ბოლო წამები ძალიან დრამატული გამოდგა. „ბორჯღალოსნებმა“ ოცფაზიანი შეტევა განახორციელეს და შეხვედრის მომგები ლელო შეცვლაზე შემოსულმა კარკაძემ დადო. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით 12:8 დაამარცხდა და ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება შეინარჩუნა.