საქართველომ და სომხეთმა 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე ერთობლივი განაცხადი წარადგინეს #1TVSPORT
საქართველოს და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა ერთობლივი განაცხადი წარადგინეს 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა, ლევან კობიაშვილმა და არმენ მელიქბენიაკნმა. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და სიმბოლურად მაისურები გაცვალეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2017 წელს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2023 წელს კი რუმინეთთან ერთად – 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს.
„ჩვენ ვართ ორი მეგობარი, მეზობელი და საფეხბურთო ისტორიით მდიდარი ქვეყანა. გადავწყვიტეთ, რომ ერთობლივ განაცხადს შევიტანთ 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია – ამის შესახებ მალე ოფიციალურ განაცხადს გავაკეთებთ. ჩვენ, ორივეს, ასეთი ტურნირების ჩატარების გამოცდილება გვაქვს და ეს ჩვენს ქვეყნებს ფეხბურთის განვითარებაში დაეხმარება“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.