ერთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა „საბურთალოს“ მცველი ნიკა მალი, გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ვლადიმირ ვაისმა ზურიკო დავითაშვილი დააყენა, ხოლო თავდასხმაში ნიკა კაჭარავა გიორგი ქვილითაიათი ჩაანაცვლა.
თბილისში წამოსულმა წვიმამ მოედანი საკმაოდ დაამძიმა და მეტოქეებს ბურთის გაგორება უჭირდათ. მაგრამ ჩვენებმა უპირატესობა მოიპოვეს, მე-12 წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი გააკეთა – საჯარიმოში დიდი სისწრაფეზე შევარდნილი ეგზიან ალიოსკიმ წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა ზუსტად შეასრულა 1:0.
სტუმრებმა წონასწორობა 33-ე წუთზე მაინც აღდგინეს. მეკარესთან პირისპირ სტეფან რისტოვსკი გავიდა და ზუსტად დაარტყა 1:1.
63-ე წუთზე ვიზარ მუსლიუმ ჯაბა კანკავასთან ისე იუხეშა, არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა. მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ უპირატესობით და მსაჯის მიერ დამატებული 6 წუთით ვერ ისარგებლა. ყველაზე რეალური შანსი თორნიკე ოქრიაშვილის გადაცემის შემდეგ 90+5 წუთზე ლევან შენგელიას ჰქონდა, მაგრამ მეკარემ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ფაქტობრივად, სტუმრებს ქულა აჩუქა – საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ერთა ლიგის C2 ჯგუფში გამართული 2 ტურის შემდეგ საქართველოს 4 ქულა აქვს და პირველ ადგილს ასევე 4 ქულის მქონე ჩრდილოეთ მაკედონიასთან იყოფს.