“ბორჯღალოსნებმა” ბელგიას ქუთაისში, “აია არენაზე” უმასპინძლეს და მეტოქე მარტივად დაამარცხეს.
ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა ტაიმის პირველივე წუთებზე მოიპოვეს, მეტოქის ნახევარზე გამაგრდნენ და იერიში მე-9 წუთზე ლევან ჩილაჩავამ ლელოთი დაასრულა – 7:0. მეორე ლელო “ბორჯღალოსნების” კვაჭმა, შალვა მამუკაშვილმა 15-ე წუთზე დადო. წიკლაურმა გარდასახვა კვლავ ზუსტად შეასრულა.
ათ წუთში, ქართველმა მორაგბეებმა მე-3 ლელო დადეს. ხაზზე გათამაშებული კომბინაცია, კაჭარავას პასის შემდეგ, მოედნის კიდესთან ახლოს მდგომმა ზურაბ ჟვანიამ მიიღო და შეტევა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
ტაიმის ბოლო ლელო 39-ე წუთზე ბექა წიკლაურმა რევაზ ჯინჭველაშვილის გადაკიდებული პასის შემდეგ დადო და თავადვე გარდასახა.
პირველი ტაიმის შემდეგ – საქართველო 28:0 ბელგია.
მეორე ტაიმის პირველი ლელო 55-ე წუთზე კვლავ “ბორჯღალოსნებმა” დადეს. დერეფნიდან ბურთი ხაზზე გავიდა, კვესელაძემ ხაზი გაჭრა და ბურთი კაჭარავას გადააწოდა, რომელმაც ფრთაზე წიკლაურს გაატანა. წიკლაურმა კარგად ირბინა, ორი მეტოქე აიყვანა და ლელოს ხაზთან პასი ფრუიძეს გადააწოდა, რომელმაც ბურთი კიდის ხაზთან ახლოს, ლელოში დაამიწა – 33:0.
67-ე წუთზე მორიგი დერეფანი მეტოქის ნახევარზე და კვლავ “ბორჯღალოსნების” უკანა ხაზმა იყოჩაღა. იდეალურად გათამაშებული კომბინაცია სანდრო თოდუამ ლელოთი დაასრულა. წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად გაიტანა – 40:0.
შეხვედრის ბოლო ლელო, 77-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა ანზორ სიჭინავამ, მალაღურაძის პასის შემდეგ, კიდესთან ახლოს დადო. წიკლაურმა ურთულესი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 47:0 დააფიქსირა.
ბელგიის წინააღგმდეგ სანაკრებო დებიუტი ჰქონდათ მიხეილ გაჩეჩილაძესა და გურამ შენგელიას.
“ბორჯღალოსნები” მომდევნო მატჩში, 17 თებერვალს, სტუმრად, გერმანიის წინააღგმდეგ ითამაშებენ.