7 ივნისს საქართველო XV ინგლისის საგრაფოებთან სერიის პირველ მატჩს გამართავს, იტყობინება ვებ-გვერდი rugby.ge. შეხვედრა ქუთაისის აია არენაზე 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველო XV (ყოფილი მზარდი საქართველო, საქართველოს მეორე ეროვნული ნაკრები) ამ სახელით შარშან ზაფხულში ჩამოყალიბდა და „რაგბის ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV-ს და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს, ხოლო მარტში რუსეთის „ა“ ნაკრებს ეთამაშა. 7 ივნისის მატჩიდან 4 დღეში, 11 ივნისს, ჩვენი გუნდი ინგლისის საგრაფოებთან სერიის მეორე, ხოლო წლის განმავლობაში მეხუთე თამაშს გამართავს. შეხვედრა თბილისის „ავჭალის“ სტადიონზე 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრებაც თავისუფალი იქნება.
წინა თამაშებისგან განსხვავებით, ხვალ საქართველო XV-ის შემადგენლობაში ერთი ლეგიონერი იქნება – ‘ექსეთერის უნივერსიტეტის’ ახალგაზრდა მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი, რომლის სიმაღლე 201 სანტიმეტრია და რომელმაც სახელი უმცროს ბორჯღალოსნებში თამაშით გაითქვა. ის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას 2017-2018 წლებში იცავდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
სასტარტო 15-ში ოთხი ისეთი მორაგბეა, რომელთაც სხვადასხვა დროს ბორჯღალოსნების კვართით უთამაშიათ. მათგან ყველაზე გამოცდილი 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილია, რომლის ანგარიშზე 24 სანაკრებო კეპია. ნაკრების მაისურით 2011 წელს 7-ჯერ უთამაშია და ორი ლელო აქვს გატანილი შუამარბ ბექა ურჯუკაშვილს; 3-ჯერ მამუკა ნინიძეს (ბოლოს 2015 წელს) და შარშან ორჯერ გურამ შენგელიას(საქართველოXV-ის კაპიტანი).
სასტარტო 15-ში ყველაზე მეტი, 6 მოთამაშე დიდი 10-ის ჩემპიონ ‘ბათუმიდანაა’, რომლის კიდევ ორი მორაგბე მარქაფაშია; თამაშს იწყებენ ‘ხარების’ და ‘არმაზის’ ორ-ორი მოთამაშე, ხოლო ‘ლელო-სარასენსი’, ‘აკადემია’, ‘აია’ და ‘ჯიქი’ თითო მოთამაშით იქნება წარმოდგენილი.
სერიის პირველი მატჩი. ქუთაისი
7 ივნისი. აია არენა. 18 საათი.
საქართველო XV – ინგლისის საგრაფოები
საქართველოს XV – შემადგენლობა
შერკინება | ფორვარდები
1. ზურაბ ერისთავი (ბათუმი), 2. ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), 3. რევაზ წიკლაური (აია), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, ინგლისი), 5. ალექსანდრე ქოიავა (ბათუმი), 6. გურამ შენგელია (კაპიტანი, ჯიქი), 7. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 8. თორნიკე აქუბარდია (ხარები).
ხაზი | ბექები
15. მამუკა ნინიძე (ბათუმი), 14. გურამ ქანდაურაშვილი (ხარები), 13. რევაზ ჯინჯიხაძე (ლელო-სარასენსი), 12. ბექა ურჯუკაშვილი (ბათუმი), 11. ალექსანდრე სვანიძე (არმაზი), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. ვაჟა ხუციშვილი (ბათუმი);
მარქაფა
16. ლევან ლომაური (აკადემია),17. ვახტანგ ქვათაძე (ლოკომოტივი), 18.ნოდარ მექერიშვილი (აკადემია), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), 20. ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), 21. ხვიჩა ბუჯიაშვილი (ბათუმი), 22. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენსი), 23. გიორგი ნათელაშვილი (ხარები).