ქართული რაგბის ქომაგები, 7 და 11 ივნისს, ქუთაისსა და თბილისში საერთაშორისო თამაშებს იხილავენ.
ერთი წლის განმავლობაში „საქართველო XV“ (საქართველოს მეორე ნაკრები) მესამედ შეიკრიბება და ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ორმატჩიან სერიას გამართავს.
შარშან ზაფხულში „საქართველო XV“-მა „ზაფხულის თასზე“ „არგენტინის XV“ და ბრაზილიის ნაკრებებთან, წელს მარტში კი რუსეთის „ა“ ნაკრებთან სტუმრად ითამაშა.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, ამჯერად „საქართველო XV“-ში ლეგიონერებიც იქნებიან გამოძახებული. გაფართოებული შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება, გუნდი კი წინასამატჩო შეკრებაზე 1 ივნისს ქუთაისში შევა და ინგლისის საგრაფოებთან პირველ შეხვედრას „აია არენაზე“, 7 ივნისს გამართავს.
ბესიკ ხამაშურიძის შეგირდები მეორე მატჩისთვის მზადებას ქუთაისში გააგრძელებენ, ინგლისის საგრაფოების ნაკრებს კი მეორედ 11 ივნისს თბილისში, ავჭალის სტადიონზე შეხვდებიან.
სერიის ორივე მატჩზე დასწრება თავისუფალია.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი