„აია არენაზე“ საქართველო xv-ისა და ინგლისის საგრაფოების სერიის პირველი მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა 10-ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
საწყის 40 წუთში სამი ლელო გავიდა. მატჩის დაწყებიდან ექვს წუთში ინგლისელებმა ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს. შეხვედრაში პირველი ლელო საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. მეტოქის ლელო მატჩის მე-13 წუთზე გურამ ქანდაურაშვილმა აიღო. გარდასახვა მამუკა ნინიძემ არაზუსტად შეასრულა და ანგარიში 5:6 დაფიქსირდა. მალევე ნინიძემ შეცდომა გამოასწორა და ქართველი უკანახაზელის ზუსტი საჯარიმო დარტყმით საქართველო XV დაწინაურდა ანგარიშით 8:6.
საგრაფოების გუნდმა საქართველოს 29-ე წუთზე ნიკ ჰენკინის ლელოთი უპასუხა. შეხვედრის პირველი ნახევრის დასრულებამდე კი სტუმართა გუნდმა კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც გრეგ ლაუნდიმ ზუსტად გარდასახა და სტუმრებმა პირველი ნახევარი ანგარიშით 18:8 მოიგეს.
დაპირისპირების მეორე ნახევარი საქართველო XV-მა აქტიურად დაიწყო და 45-ე წუთზე კარგი იერიშის შემდეგ ლელო გუნდის კაპიტანმა, გურამ შენგელიამ დადო. მამუკა ნინიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა სამ ქულამდე შეამცირა – 15:18. 70-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა ინგლისელთა მგეზავმა გერგ ლაუნდიმ კიდევ ერთხელ გაზარდა საჯარიმო დარტყმით და თავის გუნდს ექვსქულიანი უპირატესობა მოუტანა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში გურამ შენგელიას გადაცემა ქალუმ მაქენზიმ ჩაჭრა და თავისი გუნდის მესამე ლელო დადო.
საბოლოო ჯამში შეხვედრა სტუმრებმა ანგარიშით 15:28 მოიგეს. გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.