ორი ოვერტაიმი და საქართველოს ნაკრების ეფექტური გამარჯვება თურქეთთან #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა, რომელსაც ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა. ქართველები კი წინა ტურებში ჯერ ბელგიასთან, შემდეგ ესპანეთთან დამარცხდნენ. ამჯერად შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 88:83.
თურქეთი-საქართველო 83:88 2დ.დ.
25:19, 8:17, 16:17, 19:15, 7:7, 8:13
თურქეთი: თურქეთი: ლარკინი (9ქ, 8მ), ჰაზერი, საიბირი, ბიტიმი, ჩედი ოსმანი (13ქ), მაჰმუთოღლუ (11ქ), შანლი (15 ქ, 9მ), ტუნჩერი (7ქ), ქორქმაზი (4), შენგუნი (21ქ), ოსმანი (3ქ).
საქართველო: ანდრონიკაშვილი (15ქ, 3პ), მამუკელაშვილი (20ქ, 12მ), ჯინჭარაძე (3ქ), ბურჯანაძე, ცინცაძე (2ქ), შერმადინი (15ქ, 7მ), სანაძე (13ქ, 8მ), ბოქოლიშვილი, მაკფადენი (17ქ, 6პ), ბექაური (4ქ, 4მ).
ექვსგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში ოთხი საუკეთესო გადის. ოთხეულში მოსახვედრად საქართველოსთვის აუცილებელი იყო თურქეთთან გამარჯვება. ეს კალათბურთელებსაც კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული და პირველივე წუთებიდან სულ სხვა შემართებით გამოვიდნენ.
კალათბურთში ემოცია ძალიან ბევრს ნიშნავს. ჩვენს გუნდს ტრიბუნებიდან 10 ათასი ქომაგი ამხნევებდა და მუხტი მოედანზეც გადავიდა. საქართველოს ნაკრები ასეთი კონცენტრირებული წინა შეხევდრებში ნამდვილად არ ყოფილა.
მთელი თამაში თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე დუდა სანაძის სამქულიანის შემდეგ საქართველო 62:59 დაწინაურდა. გავიდა სულ რაღაც ნახევარი წუთი და სანაძესა და ქორქმაზს შორის შელაპარაკება მოხდა, სიტუაცია ძალიან დაიძაბა და მატჩიც რამდენიმე წუთით შეწყდა. დაძაბულობისას მოედანზე რამდენიმე პლასტიკატის ჭიქა ისროლეს, თურქმა კალათბურთელებმა კი ტრიბუნებს უხამსი ჟესტი უჩვენეს.
მსაჯებმა ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს.
საფინალო სირენამდე 2:52 წუთით ადრე მეხუთე ჯარიმა მიიღო და მოედანი დატოვა გიორგი შერმადინმა, რაც საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იყო.
ბოლო წუთს გუნდები თანაბარი ანგარიშით შეხვდნენ – 66:66. ცხადი იყო, რომ გამარჯვებულის ბედი ერთ მოხსნას უნდა გადაეწყვიტა. თუმცა ასე არ მოხდა: საფინალო სირენამდე 11 წამით ადრე თურქეთის შეტევა შედეგიანად დასრულდა და 68:66 სტუმართა სასარგებლოდ. საპასუხო შეტევაში კი სანდრო მამუკელაშვილმა ეფექტური ორქულიანი ჩააგდო და ორი წამით ადრე ანგარიში გათანაბრდა.
ეს უკვე მეორე ოვერტაიმი იყო საქართველოს ნაკრებისთვის. დანატებით დროში საქართველოს ნაკრები 5 ქულის სხვაობით დაწინაურდა. თუმცა თად მაკფადენის ორმა სამქულიანმა საქართველო თამაშში დააბრუნა – 75:75 და დაინიშნა მეორე ოვერტაიმი.
დამატებითი დროის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე მამუკელაშვილის სამქულიანით საქართველო 84:81 დაწინაურდა, ხოლო 21 წამით ადრე საჯარიმოს ხაზზე რატი ანდრონიკაშვილი დადგა. ამ დროს თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ერგინ ატამანმა ტექნიკური ჯარიმა მიიღო და საქართველომ დამატებითი საჯარიმოების ტყორცნის უფლება მოიპოვა.
ანდრონიკაშვილისა და მაკფადენის საჯარიმოების შემდეგ საქართველო 86:81 დაწინაურდა. საბოლოოდ კი 88:83 გაიმარჯვა.
საუკეთესო ორივე გუნდის მხრიდან სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი 20 ქულითა და 12 მოხსნით გაიფორმა.
გუნდი |
თ |
მ |
წ |
ქ |
1. მონტენეგრო |
3 |
2 |
1 |
5 |
2. ბელგია |
3 |
2 |
1 |
5 |
3. თურქეთი |
3 |
2 |
1 |
5 |
4. ესპანეთი |
3 |
2 |
1 |
5 |
5. საქართველო |
3 |
1 |
2 |
4 |
6. ბულგარეთი |
3 |
0 |
3 |
3 |