საქართველო უეფა-ს საკლუბო რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT
ევროტურნირების საპასუხო მატჩებში მოპოვებული ქულებით საქართველო მიმდინარე სეზონის უეფა-ს საკლუბო რეიტინგში ორი ადგილით დაწინაურდა.
უეფა-ს ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვის ქვეყანას 0,250 ქულა ეწერება, ხოლო ფრეზე – 0,125 ქულა. საქართველოს სამი გუნდიდან პირველ მატჩებში ბათუმის „დინამო“ („ლუდოგორეცთან“ 1:3) და „დინამო თბილისი“ („მორნართან“ 1:2) დამარცხდნენ. ქულები მხოლოდ „ტორპედომ“ ჩაიწერა ალბანურ „ტირანასთან“ (1:1).
საპასუხო შეხვედრებში ქართული გუნდები უკეთ გამოვიდნენ. ბათუმის „დინამომ“ „ლუდოგორეცთან“ 1:0 მოიგო და მართალია, შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა, მაგრამ საქართველოს 0,250 ქულა მოუტანა. „ტორპედომ“ „ტირანა“ სტუმრად დაამარცხა და ამდენივე ქულა მოიპოვა ქვეყნისთვის. „მორნართან“ ფრედ დასრულებული (1:1) მატჩის და გამოვარდნის მიუხედავად, 0,125 ქულაა „დინამო თბილისის“ ანგარიშზე.
შედეგად, საქართველოს მიმდინარე რეიტინგში 0,750 ქულა დაუგროვდა და 50-დან 48-ე ადგილზე გადაინაცვლა. ცხადია, ეს არაა ის შედეგი, რაც გულშემატკივრებს გაახარებს. მიმდინარე სეზონში უფრო მეტი ქულა ისლანდიამ (1,000), ანდორამ (0,833) და გიბრალტარმა (0,833) დააგროვეს.