საქართველო სლოვენიასთან დამარცხდა, თუმცა ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატზე F ჯგუფის მეორე ტურის მატჩში საქართველომ სლოვენიასთან ითამაშა და 67:88 დამარცხდა. ეს იყო ბრძოლა პირველი ადგილისთვის. ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გადის.
სლოვენიამ მოგებით პირველი ადგილი გაინაღდა. ჯგუფში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვენესუელასთან წაგების შემთხვევაშიც კი საქართველოს შემდეგ ეტაპზე გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს. ჩვენმა გუნდმა სამხრეთამერიკელებთან 15 ქულაზე მეტი სხვაობით არ უნდა დათმოს მატჩი, რისი ალბათობაც თითქმის არ არსებობს. ასევე, სლოვენიის ნაკრებმა არ უნდა წააგოს შედარებით სუსტ კაბო ვერდესთან. თუმცა, საქართველოს ნაკრებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დაამტკიცა, რომ ვენესუელაზე მაღალი დონის გუნდია და მისი დიდი ანგარიშით დამარცხებაც შეუძლია. საქართველო-ვენესუელა 30 აგვისტოს გაიმართება და, რა თქმა უნდა, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
2013 წელს ევრობასკეტი სლოვენიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებთან მაღალი დონის თამაში აჩვენა, თუმცა ბოლო წამებზე 68:72 დამარცხდა. მეორე დღეს გაზეთი „ლელო“ გამოვიდა სათაურით: „მსაჯობამ გვაჯობა“. ცხადია, მსაჯი რომელიმე გუნდის სახელით თამაშს ვერ მოიგებს, მაგრამ ვინც არ იცის, აუცილებლად უნდა აიხსნას რამდენიმე დეტალი: კალათბურთი კონტაქტური სპორტია და ბევრია უხეში თუ რბილი შეხება. მსაჯის გადასაწყვეტია, სადავო ეპიზოდში რომელი გუნდის მხარეს დასტვენს.
მსოფლიოს ჩემპიონატზე ოკინავაში საქართველო ეთამაშა ლუკა დონჩიჩის სლოვენიას. მსოფლიო დონის ვარსკვლავებს კი მსაჯები ყოველთვის სწყალობენ. ასე იყო დონჩიჩისა და სლოვენიის შემთხვევაშიც, მცირე შეხებაზეც მსაჯის სასტვენის ხმა გაისმოდა. ასეთ დროს კი მეტოქეს ძალიან უჭირს თამაშის დალაგება, თავი დავანებოთ იმას, რომ იზრდება ნერვიულობის ალბათობა.
საქართველო-სლოვენიის მატჩის პირველი ტაიმი ბალკანელებმა 45:33 მოიგეს. ცხადია, ასეთ შედეგზე იმოქმედა იმანაც, რომ საქართველოს ნაკრებს თავისი თამაშის პოვნა გაუჭირდა, ბურთი კალათში რთულად ეშვებოდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. სლოვენია კიდევ უფრო გაიხსნა, პერიმეტრიდანაც უკეთესად ისროდა და ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა.
ჩვენი ჯგუფის გუნდები შეხვდებიან E ჯგუფის წარმომადგენლებს, სადაც ფავორიტებად გერმანია და ავსტრალია მიიჩნევიან. ისინი სტატუსს ამართლებენ და მომდევნო ეტაპზე გასვლასთანაც ახლოს არიან.