საქართველო-შოტლანდია - ეროვნული ნაკრების წლის ბოლო საშინაო მატჩი პირველ არხზე #1TVSPORT
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის დასკვნით საშინაო მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი შეხვედრას „დინამო არენაზე“ შოტლანდიის წინააღმდეგ ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები
ამ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდს ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა დააკლდებიან. სამწუხაროდ, ხოჭოლავა გუნდს, დიდი ხანია, ტრავმების გამო ვერ ეხმარება. კიტეიშვილი კი ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშების შემდეგ ისევ დაშავდა. ნაკრებს ასევე გამოაკლდა გაბრიელ სიგუა, რომელმაც ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო. უთამაშებლობის გამო „ტორინოს“ მცველი საბა საზონოვიც ახალგაზრდულ ნაკრებშია.
მატჩისწინა ვარჯიში ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ჩაატარა, საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. 16 ნოემბერს შოტლანდიასთან საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთს შეხვდება, რომელიც A ჯგუფის ლიდერია.
სექტემბერში საქართველომ შინ 1:7 წააგო ესპანეთთან, ოქტომბერში კი კვიპროსი 4:0 დაამარცხა. როგორც მთავარი მწვრთნელი აცხადებს, ახლა გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს, რომელში გამარჯვებაც ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანს.
შოტლანდიის ნაკრები
შოტლანდიის ნაკრებმა კონტინენტის პირველობის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა. 16 ნოემბერს შოტლანდია საქართველოს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ნორვეგიას „ჰემპდენ პარკზე“ მიიღებს. ბურთების სხვაობით A ჯგუფში ესპანეთი ლიდერობს და სტივ კლარკის გუნდი შეეცდება, ესპანელებს გადაასწროს.
შოტლანდიამ ბოლო სამი მატჩი წააგო – ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთთან (0:2), ასევე ინგლისთან (1:3) და საფრანგეთთან (1:4) ამხანაგური თამაშები, მაგრამ A ჯგუფში პირველი ხუთი შეხვედრიდან ხუთივეს მოგება საკმარისი იყო ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
კლარკის გუნდს ამჯერად დააკლდებიან: ანგუს განი, ენდი რობერტსონი, კირან ტირნი, აარონ ჰიკი და ჩე ადამსი. მათ ნაცვლად კი ჯოშ დოიგი, ლოურენს შენკლენდი, ზანდერ კლარკი და ლიამ კელი იქნებიან.
ორი მარცხი თბილისში
შოტლანდიამ წინა ორი თამაში საქართველოში წააგო, რამაც ბრიტანელებს 2008 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრაში ხელი შეუშალა.
2007 წლის 17 ოქტომბერს კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილებმა ბრიტანელებს „დინამო არენაზე“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. გოლები 17 წლის ლევან მჭედლიძემ (მე-16 წუთი) და დავით სირაძემ (64) გაიტანეს. იმ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე 17 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე და შემტევი ლევან ყენია.
2015 წელს „ჯვაროსნებმა“ უკვე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოიგეს – 1:0. 2015 წლის 4 სექტემბერსაც მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართა. გოლი ვაკო ყაზაიშვილმა (36-ე წუთზე) გაიტანა, საგოლე გადაცემა კი მჭედლიძემ შეასრულა.
ტელე და რადიორეპორტაჟები
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).