საქართველო რუსეთის მატჩის გამართვის თარიღი ცნობილია | რაგბი ევროპის ჩემპიონატი
ევროპული რაგბის მმართველმა ორგანიზაცა „რაგბი ევროპამ“ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ დასკვნითი ტურის მატჩების გამართვის შესახებ – შეხვედრები 2021 წლის 6 და 7 თებერვალს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება „რაგბი ევროპის“ დირექტორთა საბჭომ წევრ კავშირებთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო.
გათამაშების ბოლო ტურში რუმინელები ბელგიას უმასპინძლებენ, საქართველო რუსეთს დაუხვდება, ხოლო პორტუგალია კი მეზობელ ესპანეთს ესტუმრება. „ბორჯღალოსნებს“ ტურნირი უკვე მოგებული აქვთ, შესაბამისად, რუსეთთან მატჩს მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა აქვს.
სამაგიეროდ, უნდა გაირკვეს ბოლო ადგილოსანის ვინაობა, რომელიც მომდევნო წლის 20/21 თებერვალს პლეი-აუტის შეხვედრას გამართავს. მატჩში ერთმანეთს „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ ბოლო ადგილოსანი და ნიდერლანდები დაუპირისპირდებიან. გამარჯვებული გუნდი „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.
რაც შეეხება 2021 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატს“ – დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ პირველი ტური 6/7 მარტს ჩაატაროს, ხოლო გათამაშების გარკვეული ნაწილი კი „მსოფლიო რაგბის“ ივლისის ტესტ ფანჯრის დროს გამართოს. ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ „ბორჯღალოსნებს“ ამ პერიოდში უფრო ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირების შანსი არ მიეცემათ, თუმცა ტურნირის კალენდარი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და ის ცნობილი „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გახდება.
შეგახსენებთ, რომ 2021/22 წლების „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ გუნდები „მსოფლიო თასზე“ თამაშის უფლებისთვის იბრძვიან, შესაბამისად მას განსაკუთრებული მნიშვნელობა და წონა აქვს. გათამაშების პირველი ორი გუნდი უდიდესი სარაგბო ფორუმის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო მესამე ადგილზე გასული ნაკრები კი „მსოფლიო თასზე“ მოხვედრას რეპეშაჟიდან ეცდება.