საქართველო რუსეთის მატჩი გადაიდო - „რაგბი ევროპამ“ ყველა ტურნირი შეაჩერა
„რაგბი ევროპამ“ მისი ეგიდით მიმდინარე ყველა ტურნირი და მატჩი, რომელიც 2020 წლის 13 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით უნდა გამართულიყო, განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
„კორონავირუსის ევროპაში გავრცელების გამო, „რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა შეაჩეროს ყველა მატჩი და ტურნირი, რომელიც 2020 წლის 13 მარტიდან, ამავე წლის 15 აპრილამდე უნდა გამართულიყო.
გადადებულია შემდეგი ტურნირები:
რაგბი ევროპის ჩემპიონატი როგორც ქალთა, ასევე კაცთა შორის – ტურნირის ბოლო ტურის ჩათვლით, მთლიანობაში 12 თამაში;
პორტუგალიაში (22-28 მარტი) დაგეგმილი ოცწლამდელთა ტურნირი;
რუსეთში (12-18 მარტი) დაგეგმილი თვრამეტწლამდელთა ტურნირი:
სერბეთსა და ჩეხეთში დაგეგმილი თვრამეტწლამდელთა ტურნირები;
„რაგბი ევროპა“ დააკვირდება მოვლენების განვითარებას და გაითვალისწინებს ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს. ამ ეტაპზე, ტურნირების განახლების დროის შესახებ განცხადებას არ გავაკეთებთ,“- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2020 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიგო. ბოლო ტურში „ბორჯღალოსნების“ მეტოქე რუსეთის ნაკრები უნდა ყოფილიყო.