ბორჯღალოსანთა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, 18 მარტს გასამართი საქართველო-რუმინეთის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გულშემატკივრებს მოუწოდა, რომ ‘დინამო არენა’ გაავსონ და მორაგბეებთან ერთად შეასრულონ საქართველოს ჰიმნი.
„საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობ, ეს უკვე დიდი მოტივაციაა, მაგრამ სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში დამატებით ძალას გვმატებს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ გაავსონ ‘დინამო არენა’ და ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი“ – განაცხადა ნემსაძემ და გუნდის მზადების შესახებ თქვა:
„რუმინეთთან მატჩისთვის განსაკუთრებული განწყობით ვემზადებით. საუკეთესო კვირა გვქონდა და ფინალს საუკეთესო ფორმაში ვხვდებით“.
მომავალი თამაშის მნიშვნელობაზე ისაუბრა მილთონ ჰეიგმა:
„ახლა არა მარტო ფიზიკურად და ტაქტიკურად, მენტალურადაც მზად ვართ. ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები და ამისათვის ყველაფერს გავიღებთ. 2 წლის წინ რუმინეთი ‘დინამო არენაზე’ ლამაზ სტილში დავამარცხეთ, თუმცა მაშინდელი და ახლანდელი მიზნები განსხვავებულია. ხვალ ჩვენი მთავარი მიზანი ტიტულის დაბრუნებაა და თუ ბურთიც კარგად გავათამაშეთ, ეს ძალიან კარგი იქნება“.
ბოლომდე ბრძოლას და თასების შენარჩუნებას გეგმავს რუმინელთა თავკაცი ლინ ჰოუელსი:
„მართალია რუმინეთში ისეთი კარგი ამინდები არ იყო, როგორც თბილისში, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალისთვის კარგად ვართ მომზადებული. რაც მთავარია, ამას თავად მოთამაშეები გრძნობენ. ყველას კარგად გვაქვს გააზრებული მომავალი შეხვედრის მნიშვნელობა და ტიტულის შესანარჩუნებლად ვიბრძოლებთ“.
მთავარ მწვრთნელს ეთანხმება გუნდის კაპიტანი სტელიან ბურკეა:
„კვირის დასაწყისშივე ვიცოდით რა თამაშისთვის ვემზადებოდით და მოტივაციის ნაკლებობას არავინ განიცდიდა. ვიცით რა თამაში გველის და ამისათვის ყველანი მზად ვართ“
წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი