საქართველო-პორტუგალია | „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველი შეხვედრის წინათქმა
საქართველო-პორტუგალია | „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველი შეხვედრის წინათქმა

„რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2021 წლის სეზონის პირველ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ სტუმრად, ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

გუნდები ერთმანეთს პირველად 1997 წელს, სწორედ ლისაბონში შეხვდნენ და ის მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით (21:17) დასრულდა. ამის შემდეგ გამართული ოცი თამაშიდან, პორტუგალიელებმა მხოლოდ სამის მოგება მოახერხეს, ხოლო ორი ფრედ დასრულდა. საგულისხმოა, რომ ქართველ მორაგბეებს პორტუგალიასთან 2005 წლის შემდეგ არ წაუგიათ. მიუხედავად ამისა, „მგლებს“ ბევრი მიიჩნევს „ბორჯღალოსნებისთვის“ უხერხულ მეტოქედ.

პორტუგალია „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ უმაღლეს – „ა“ დივიზიონს, შარშან, ოთხლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და სეზონი წარმატებულად დაიწყო. „მგლებმა“ პირველ ორ შეხვედრაში ბელგიას და რუმინეთს მოუგეს, მაგრამ შემდეგ ჯერ რუსეთთან დამარცხდნენ ერთ ქულიანი სხვაობით, შემდეგ კი საქართველოსთან და ესპანეთთანაც დათმეს მატჩები და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულეს.

გათამაშების 2020 წლის სეზონში „მგლებთან“ დაპირისპირება საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 15 ქულიანი სხვაობით მოიგო. პორტუგალიელები მხოლოდ მატჩის მიწურულს გატყდნენ. „ბორჯღალოსნებმა“ გადამწყვეტი უპირატესობა 67 წუთზე მოპოვებული საჯარიმო ლელოთი მოიპოვეს და დარჩენილ დროში მეტოქე კიდევ ორჯერ დაალელოვეს (თაფლაძე 30′, მათიაშვილი 74′), მანამდე კი ორ ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 24:22 აგებდნენ.

პორტუგალიელები საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ განსაკუთრებით მონდომებით თამაშობენ და ამის დასტურად შეგვიძლია 2013 (25:12) და 2015 (20:15) წლებში თბილისში გამართული შეხვედრები გავიხსენოთ.

შარშანდელისგან განსხვავებით, 2021 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ პარალელურად 2023 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ნაწილიცაა. უდიდესი სარაგბო ფორუმის მონაწილეთა ვინაობა სწორედ ევროპული ტურნირის მომავალი ორი სეზონის დაჯამებით გაირკვევა – პირველი და მეორე გუნდები მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ, ხოლო მესამეადგილოსანი კი საფრანგეთში მოხვედრის შანსს საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟიდან ინარჩუნებს.

პორტუგალიელთა მიზანი 2007 წლის შედეგის გამეორებაა. „მგლების“ გულშემატკივრებს დღემდე ახსოვთ კორდეროს ლელო ვარსკვლავურ ახალ ზელანდიასთან და გუნდის მთავარი მწვრთნელის, პატრის ლაჟისკის უპირველესი ამოცანა გუნდის მსოფლიო თასზე ისტორიაში მეორედ გაყვანაა.


„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილის თქმით – ფაქტი, რომ წლევანდელი სეზონი პარალელურად მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპია, გუნდის პასუხისმგებლობას აორმაგებს.

„პორტუგალიასთან მატჩისთვის დაბალანსებული გუნდი დავაყენეთ, გამოცდილი და ახალგაზრდა მორაგბეების ნაზავი და ვფიქრობ, რომ საინტერესო თამაში უნდა გამოვიდეს. პორტუგალია ეცდება სწრაფი რაქი ჰქონდეს და სწრაფად ითამაშოს. შარშან პარიზში იმიტომ გვიმასპინძლეს, რომ სწორედ ამ უპირატესობის გამოყენება სურდათ. მაშინ შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა, მითუმეტეს, რომ კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათონი არიან. ამჯერად, შევეცდებით, შეცდომები არ დავუშვათ, თავად ვმართოთ თამაში და დომინაცია მოვახდინოთ ორთაბრძოლებში. თუკი ამას მოვახერხებთ, დარწმუნებული ვარ, მატჩი საჩვენოდ შემოტრიალდება,“ – განაცხადა საქართველოს ნაკრების თავკაცმა.

მის მიერ დასახელებულ 23 კაციან შემადგენლობაში სამი დებიუტანტია და სამივე მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება – ​„რასინგ 92“-ის ბურჯი გია ხარაიშვილი, „ბრივის“ მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე და „აიას“ მგეზავი გიორგი ბაბუნაშვილი.

საქართველო

შერკინება: 

1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

ხაზი:

15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა);

მარქაფა:

16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

პორტუგალია

შერკინება:

1. ჟოფრი მოისე, 2. მაიკ ტაჯერი, 3. დიოგო ჰასე ფერეირა, 4. რაფაელ შიმოესი, 5. ჟოზე რებელო დე ანდრადე, 6. ჟოაო გრანატე, 7. ჟოზე მადეირა, 8. ლუიჯი დიასი;

ხაზი:

15. დანი არტუნეში, 14. რაფაელე სტორტი, 13. ჟოზე ლიმა, 12. ტომას აპლეტონი (კაპიტანი), 11. როდრიგო მარტა, 10. ჟერონიმო პორტელა, 9. სამუელ მარკეში;

მარქაფა:

16. დავიდ კოსტა, 17. ნუნო მასკარენჰასი, 18. ტიბო დე სოუზა, 19. ფრანცისკო სოუზა, 20. ერიკ დოს სანტოს მადეირა, 21. ტეო ენტრაიგეში, 22. ხორხე აბეკასიში, 23. ნუნო სოუზა გედეში.

შეგახსენებთ, რომ ჟამორის სპორტის ნაციონალური ცენტრის სტადიონზე შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.