საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ორ ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ვილი სანიოლის გაწვრთნილები 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე პირველად ითამაშებენ და კოსოვოს დაუპირისპირდებიან. მეორე მატჩი 5 სექტემბერს, სტუმრად ბადახოსში ესპანეთის წინააღმდეგ შედგება.
„ჯვაროსნებს“ საერთაშორისო ამხანაგური მატჩიც დაუგეგმეს – 8 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სოფიას ვასილ ლევსკის სტადიონზე ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.
სფფ-ს ცნობით, COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ მატჩზე უეფა-ს მიერ შემუშავებული რეგულაციების შესაბამისი შეზღუდვები იმოქმედებს. შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.
უეფა-ს მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფა-ს გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. მაგრამ ჯერ უცნობია, მაყურებელს დაუშვებენ თუ არა – ეს გადაწყვეტილება თამაშამდე ორიოდე დღით ადრე გახდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სექტემბრის ოფიციალურ და ამხანაგურ შეხვედრებში გამოძახებულ მოთამაშეთა სიას ვილი სანიოლი უახლოეს დღეებში დაასახელებს.