საქართველო-კორეა საქართველოს პირველ არხზე

13:44, 05.09.2019

დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება. მატჩი თურქეთში, ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ბაშაქშეჰირის“ საშინაო არენაა.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე აზიაში ერთ-ერთ უძლიერესი ნაკრებია და ფიფას რეიტინგში 37-ე პოზიციაზეა. ამჟამად კორეელები მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ზედიზედ მეათედ იბრძვიან. საუკეთესო შედეგი კი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აჩვენეს, რომელსაც სამხრეთ კორეამ იაპონიასთან ერთად უმასპინძლა – ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკის ხელმძღვანელობით კორეელები ოთხეულში მოხვდნენ.

კორეელთა მთავარი მწვრთნელი პაულო ბენტუა, პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ასევე ექს-მთავარი მწვრთნელი. გუნდის ლიდერი 27 წლის შემტევი ჰიუნ-მინ სონია, რომელიც „ტოტენჰემის“ ერთ-ერთი ლიდერია. ამას გარდა, მათი ნაკრების ფეხბურთელები გამოდიან „ვალენსიაში“, „ნიუკასლში“, „მაინცში“, „ფრაიბურგში“, „ბორდოში“…

საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს პირველად შეხვდება. ჩვენი ნაკრების მსგავსად, პაულო ბენტუს გუნდისთვის სტამბოლში დაგეგმილი ამხანაგური მატჩი აზიის შესარჩევ ჯგუფში თურქმენეთთან ოფიციალური შეხვედრის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებს სტამბოლის მატჩში საბა კვბირკველია და დათა ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან – საბა ჯერ ფორმაში არაა, ხოლო ხოჭოლავას მხრის ტრავმა აწუხებს. ინდივიდუალურად ემზადება ლაშა დვალი და მისი მონაწილეობაც უცნობია. ასევე ტრავმის გამო შეკრებაზე არაა ნიკა კვეკვესკირი, ხოლო გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა შეხვედრას ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს. შესაძლოა, მათ არყოფნაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შანსი მისცეს ახალწვეულებს, ზუკა დავითაშვილსა და ლევან შენგელიას.

შეგახსენებთ, რომ კორეის (5 სექტემბერი, 17:30 საათი) ნაკრებებთან მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი