მატჩი საქართველოსა და კორეას შორის ფრედ დასრულდა

19:33, 05.09.2019

საქართველოსა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო ნაკრებების შეხვედრა, რომელიც თურქეთში, სტამბოლის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე გაიმართა, ფრედ დასრულდა.

საქართველოს ნაკრებს საბა კვირკველია და დათა ხოჭოლავა ვერ დაეხმარნენ – საბა ჯერ ფორმაში არაა, ხოლო ხოჭოლავას მხრის ტრავმა აწუხებს. ინდივიდუალურად ემზადება ლაშა დვალი და ის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ისევე როგორც ახალწვეული ლევან შენგელია. სამაგიეროდ, ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ზუკა დავითაშვილი დააყენა.

პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. ანგარიშის გახსნას ორივე გუნდი ცდილობდა. 29-ე წუთზე შანსი თორნიკე ოქრიაშვილს ჰქონდა, მაგრამ მეკარემ დაასწრო და ვერ დაარტყა. „ჯვაროსნებმა“ მეტოქეს კართან სახიფათო შეტევა 38-ე წუთზეც განახორციელეს, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილის დარტყმას კორეის ნაკრების მეკარე გადაეღობა.

ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ამინც გახსნა: მე-40 წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა კორეელ ნახევარმცველს ბურთი აართვა და მეკარესთან პირისპირ ჯანო ანანიძე დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა 1:0.

კორეელებმა წონასწორობა მეორე ტაიმში, პირველივე შეტევაზე აღადგინეს: 47-ე წუთზე, „ტოტენჰემის“ შემტევის, სონის ფლანგური გადაცემა „ბორდოს“ თავდამსხმელმა უი ჯო ჰვანგმა დააგვირგვინა 1:1.

საქართველოს ნაკრები, გარკვეულ ეპიზოდებში, ბურთს აკონტროლებდა და არაერთი რეალური სახიფათო მომეტი შექმნა. 48-ე წუთზე, „ჯვაროსნებმა“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს -გუნდის დაწინაურება ყაზაიშვილს შეეძლო, მაგრამ გადაცემა დააგვიანა, დარტყმაც არ გამოუვიდა და მომენტი გაანიავა. 55-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილის გადაცემით კარგ პოზიციაში ოთარ კიტეიშვილი გავიდა, რომელსაც მცველი გადაეფარა და კორეელები გადაარჩინა.

ყაზაიშვილს გუნდის დაწინაურების შანსი კიდევ ორჯერ მიეცა, მაგრამ კვლავ ვერ ისარგებლა. 64-ე წუთზე მორიგი მიზანს დიდი მანძილით ააცილა, სამ წუთში კი მეკარეს ვერ აჯობა.

71-ე წუთზე უკვე საქართველოს ნაკრები გადარჩა: კუონგ ვონ კვონის სახიფათო დარტყმის შემდეგ მეკარე გიორგი მაკარიძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

არაერთი რეალური მომენტის გამოუყენებლობისთვის კორეელებმა საქართველოს ნაკრები დასაჯეს: 85-ე წუთზე, სწრაფი კონტრშეტევა უი ჯო ჰვანგმა დააგვირგვინა და დუბლი შეასრულა 1:2.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიში მაინც გაათანაბრა: ჯაბა კანკავას გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ქვილითაიამ ზუსტად დაარტყა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:2.

საქართველო – კორეა 2:2

გოლები: 1:0 ანანიძე (40. ყაზაიშვილის პასით), 1:1 უი ჯო ჰვანგი (47. სონის პასით), 1:2 უი ჯო ჰვანგი (85. კიმ ჯინ სუს პასით), 2:2 ქვილითაია (90. კანკავას პასით)

 

საქართველო: მაკარიძე – კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე – აბურჯანია (57. გვილია), კიტეიშვილი (71. დაუშვილი) – დავითაშვილი (73. ლობჟანიძე), ანანიძე (57. პაპუნაშვილი), ოქრიაშვილი (57. ქვილითაია) – ყაზაიშვილი (80. კანკავა)

 

სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე – გრიგალავა, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, კვარაცხელია

 

საქართველოს ნაკრები მომდოვენო შეხვედრას 8 სექტემბერს თბილისში, „დინამო-არენაზე“ დანიის ნაკრებთან ჩაატარებს. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

მსგავსი