საქართველო იტალიასთან დამარცხდა - 29:17 | ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები“ იტალიას დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ანგარიშით 29:17 დათმეს.
მატჩის პირველ ნახევარში უპირატესობა „ლურჯებს“ ჰქონდათ და ერთადერთი ლელოც მათმა გარემარბმა დრუდიმ დადო. ტაიმის ბოლო წუთებამდე ანგარიში არ შეცვლილა. მე-40 წუთზე თედო აბჟანდაძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და პირველი ტაიმი ანგარიშით 3:7 დასრულდა.
მეორე ნახევრის პირველ ოც წუთში „ბორჯღალოსნები“ აქტიურობდნენ. თავდაპირველად, შესანიშნავ კონტრშეტევას თაფლაძის ლელო მოჰყვა, შემდეგ კი ალანიამ ჩაუჭრა მეტოქეს გადაცემა და საქართველო კომფორტული, ათქულიანი უპირატესობით გავიდა წინ.
ამის შემდეგ, საქართველო თითქოს მოდუნდა, იტალია კი გააქტიურდა. დარჩენილ დროში სწორედ ისინი დომინირებდნენ და მეტოქეს 22 უპასუხო ქულა გაუტანეს. მატჩს წერტილი 78-ე წუთზე კაპუზომ დაუსვა – 29:17
საბოლოო ჯამში, საქართველომ ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა.