საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდება - მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 12 ოქტომბერს ირლანდიას დაუპირისპირდება და ნავსის გატეხვას შეეცდება – „ჯვაროსნები“ ირლანდიას აქამდე ათჯერ შეხვდნენ და ერთხელაც ვერ დაამარცხეს.
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ბოლო ვარჯიში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნულ გუნდში შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ბოლო საშინაო შეხვედრის მოლოდინში არიან.
„ვფიქრობ, რომ ნაკრები მენტალურად მზადაა, რადგან დანიის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ და ამან თავდაჯერებულობა შეგვმატა. იმედი მაქვს, რომ ირლანდიასთან წლის ბოლო საშინაო შეხვედრაზე სტადიონზე ბევრი გულშემატკივარი მოვა და რომელიც ყოველთვის, გვამხნევებს. ჩემი აზრით, უკვე დროა, რომ დავამარცხოთ ირლანდია და სამი ქულა მოვიპოვოთ“, – ამბობს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია.
„წინა შედეგების გათვალისწინებით, ირლანდია ჩვენთვის უსიამოვნო მეტოქეა. ვფიქრობ, შეგვიძლია, ამ თამაშში ბალანსი დავარღვიოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. დანიასთან ჩვენი ნაკრები ძალიან ორგანიზებული იყო და იმედია, ირლანდიასთანაც ასე იქნება“, – აღნიშნავს ოთარ კიტეიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)
თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 12 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ შედგება. გულშემატკივარს შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ყიდვა „დინამო არენას“ სალაროებში და ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 17:00 საათიდან შემოგთავაზებთ.