საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა - ერთა ლიგა უხვგოლიანი მოგებით დავიწყეთ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ახალ გათამაშებაზე პირველ შეხვედრა გამართა. „ჯვაროსნები“ C4 ჯგუფში გიბრალტარს დაუპირისპირდნენ და მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრები გიბრალტარს 4-ჯერ შეხვდა – ევრო 2016-ის და ევრო 2020-ის შესარჩევი ჯგუფებში. ჩვენმა გუნდმა მეტოქე ოთხივეჯერ დაამარცხა – 3:0, 4:0, 3:0 და 3:2. ეს ის ნაკრებია, რომლის წინააღმდეგ „ჯვაროსნებში“ ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შედგა – მაშინ ხვიჩა 18 წლის იყო. ყველაზე მეტი, 2-2 გოლი გაიტანეს თორნიკე ოქრიაშვილმა, მათე ვაწაძემ და ჯაბა კანკავამ.
„დინამო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდს დაცვაში ჩამჯდარი გიბრალტარი დაუპირისპირდა. ფრანგმა მწვრთნელმა შემადგენლობაში საინტერესო ის გააკეთა, რომ ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთად ათამაშა.
საქართველოს ნაკრების თამაშზე ამდენი დროშა არასოდეს აფრიალებულა. მას გულშემატკივრები სტადიონის შესასვლელში იღებდნენ. ახალი იყო ფორმაც, რომლითაც „ჯვაროსნების“ ნაკრებმა პირველად ითამაშეს.
ანგარიში კი მე-12 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა – გიორგი წიტაიშვილის შესანიშნავი გადაცემით მეკარესთან მარტო დარჩა და ბურთი თავზე გადაუგდო – 1:0.
ოთხჯერ ჰქონდა რეალური შანსი მიქაუტაძეს, მაგრამ ერთხელ თავად ააცილა, სამჯერ კი გიბრალტარის მეკარემ გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. კოლინგი სასწაულებს ჩადიოდა, მაგრამ 33-ე წუთზე კვარაცხელიას გადაცემით კაშიამ სტუმართა კარი მაინც შეარხია.
2:0 პირველი ტაიმის შემდეგ.
მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა მეტოქის კარი ბოლოსკენ ორჯერ აიღო და ორივეჯერ ლობჟანიძის მშვენიერი გადაცემებით – პირველად 87-ე წუთზე მიქაუტაძემ გაიტანა, ხოლო ორ წუთში – ყაზაიშვილმა და საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებლად მოიგო.
საქართველო – გიბრალტარი 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (12. წიტაიშვილის პასით), 2:0 კაშია (33. კვარაცხელიას პასით), 3:0 მიქაუტაძე (87. ლობჟანიძის პასით), 4:0 ყაზაიშვილი (87. ლობჟანიძის პასით)
02.06. 2022. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო-არენა“. 50 000 მაყურებელი
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია (63, კობახიძე), ხოჭოლავა – ლობჟანიძე, მექვაბიშვილი, აბურჯანია (63, კიტეიშვილი), ჩაკვეტაძე (78. კვეკვესკირი), წიტაიშვილი (40. გიორბელიძე) – მიქაუტაძე, კვარაცხელია (63, ყაზაიშვილი)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გიბრალტარი: კოლინგი – ვაისმენი, ანესლი, ბრიტო, ჩიპოლინა – რონანი (46. ტორილია), ლოპესი, ჯოლი – უოლკერი, სტაიხი (46. კუმბსი), კაშიარო
მთავარი მწვრთნელი: ხულიო რიბასი
მთავარი არბიტრი: მორტენ კროგი (დანია)
ჩვენი გუნდი ივნისში ერთა ლიგაზე კიდევ 3 შეხვედრას გამართავს – 5 ივნისს, სტუმრად, ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიაში ითამაშებს. ივნისის ბოლო შეხვედრა 12 ივნისს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის თბილისში გაიმართება.