ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ორგანიზაციის ექსპერტთა მისია ეწვია. ვიზიტის მიზანს მასობრივი სპორტის განვითარების სფეროში გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
პოლონელმა და რუმინელმა ექსპერტებმა პირველი შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართეს, რომელსაც მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საქართველოს პარლამენტის, სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მალგორზატა ჟუკალსა-ვრონა და ლუსიან მირჩესკუ ქართულ მხარეს მასობრივი სპორტის განვითარების კუთხით ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებენ. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები წარმოადგენენ პრეზენტაციას, რომლის მთავარი თემა განათლების სისტემაში სპორტის როლის ზრდა იქნება. აგრეთვე გაეცნობიან საქართველოს მასობრივი სპორტის სტრატეგიის სამუშაო ვერსიას და სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს ევროკავშირის ხედვას რეკომენდაციის სახით წარუდგენენ.