საქართველო-ესპანეთი | მიქაუტაძეც გამოგვაკლდა - კვარაცხელია ითამაშებს #1TVSPORT
საქართველო-ესპანეთი | მიქაუტაძეც გამოგვაკლდა - კვარაცხელია ითამაშებს #1TVSPORT

შვედეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ეროვნულ ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე გამოაკლდა და ფეხბურთელი მომდევნო ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სამაგიეროდ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც შვედეთის წინააღმდეგ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა ჯანმრთელადაა და მომდევნო შეხვედრისთვის ემზადება.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. შვედეთიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ბათუმის დინამოს მცველი მამუკა კობახიძე შეუერთდა.

საქართველოს ნაკრები 27 მარტს, ესპანეთთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიშს დინამო არენაზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი მთავარი მწვრთნელი, მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

შეგახსენებთ, რომ უეფას მიერ შემუშავებული პროტოკოლის თანახმად, შენარჩუნებულია დისტანციის დაცვის წესი როგორც მედია ტრიბუნაზე, ისე საპრესკონფერენციო დარბაზში. უეფას გადაწყვეტილებით, გაუქმებულია ე.წ. შერეული ზონა (Mixed Zone), სადაც თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებთან ინტერვიუების ჩაწერა ხდებოდა. რეგულაციების გამო, შეხვედრას მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა დაესწრება.

 

27 მარტის განრიგი – დინამო არენა

17:30 | საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

18:00 | საქართველოს ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

19:45 | ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია

20:30 | ესპანეთის ნაკრების ვარჯიში (პირველი 15 წუთი დასწრება შესაძლებელია)

 

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის თამაში, საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)