დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ტრავმირებულები მოუმრავლდა | ევრო 2020
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებს ტრავმირებულები მოუმრავლდა | ევრო 2020

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიასთან ოფიციალურ მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა დღეს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მზადების პროცესში ასევე მონაწილეობდა ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელიც დანიასთან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს – მას ზედმეტი ყვითელი ბარათები დაუგროვდა.

სამწუხაროდ, კანკავა ერთადერთი არაა, რომელიც „ჯვაროსნებს“ ამ მნიშვნელოვან შეხვედრაში გამოაკლდება – გუნდს ნახევარდაცვაში მისი მეწყვილე ნიკა კვეკვესკირიც არ ეყოლება, რომელიც ტრავმირებულია. ვლადიმირ ვაისის თქმით, ამ პოზიციაზე არჩევანს სამ მოთამაშეს შორის გააკთებს – ვაკო გვილიას, ბუბა დაუშვილსა და ოთარ კიტეიშვილს შორის.

ვლადიმირ ვაისის პრობლემები ამით არ ამოიწურება – ტრავმების გამო ანალოგიური მიზეზით გუნდს კიდევ ორი საკვანძო მოთამაშე გამოაკლდა: ცენტრალური მცველები, საბა კვირკველია და დავით ხოჭოლავა, ბოლო ვარჯიშებზე ცნობილი გახდა, რომ თამაშს კიდევ ერთი მცველი, ლაშა დვალიც ტრავმის გამო ვერ შეძლებს.

შემადგენლობას გამოაკლდა ზურიკო დავითაშვილიც, რომელსაც კორეას წინააღმდეგ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 18 წლის ფეხბურთელი მატჩს ტრავმის გამო გამოტოვებს.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფში დანიის ნაკრები რვა ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო სამი ქულით მეოთხე პოზიციაზეა. გუნდების პირველი შეხვედრა კოპენჰაგენის „ტელია არენაზე“ დანიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ადგილის გასაუმჯობესებლად და რევანშისთვის მოგება ესაჭიროება.

აღსანიშნავია, რომ მეტოქე თბილისში მთავარი მწვრთნელი გარეშე გვესტუმრა. აგე ჰარეიდე იმ მიზეზის გამო არ ჩამოვიდა, რაც ფეხბურთელებისთვის ჩვეულებრივია, მწვრთნელისთვის კი მეტად უცნაურია – მას მუხლის ტრავმა აწუხებს. დანიის ნაკრებს მისი ასისტენტი, იონ დალ ტომასონი გაუღძვება – დანიის ნაკრებისა და „მილანის“ ყოფილი თავდამსხმელი.

საქართველოს ნაკრების 22-კაციანი შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა საფეხბურთო დაპირისპირება 8 სექტემბერს, 20 საათზე, დინამო არენაზე ჩატარდება. „დ“ ჯგუფის მეორე შეხვედრა შვეიცარიასა და გიბრალტარს შორის შედგება. საქართველო – დანიის მატჩის რეპორტაჟს, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.