12 ივნისს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ბულგარეთს უმასპინძლებს. მატჩისადმი ქართველი გულშემატკივრის ინტერესი უდიდესია, რაზეც ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის გავრცელებული ცნობა მეტყველებს – C4 ჯგუფის მე-4 ტურის მატჩის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. „დინამო არენა“ 54 139 გულშემატკივარს იტევს.
ერთა ლიგა 2022/23 სეზონის გათამაშება საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა დაამარცხა შინ გიბრალტარი (4:0), ხოლო გასვლაზე უშუალო კონკურენტები, ბულგარეთი (2:5) და ჩრდილოეთ მაკედონია (0:3) და ჯგუფის უპირობო ლიდერი გახდა.
„ჯვაროსნებმა“ ასპროცენტიანი შედეგი (9 ქულა) დააგროვეს და უშუალო კონკურენტს, ჩრდილოეთ მაკედონიას (4) საკმაოდ დიდი სხვაობით გადაასწრეს, ხოლო ბულგარეთს (2) კიდევ უფრო მეტით.
გუნდმა ბოლო 3 მატჩში 12 გოლი გაიტანა (საშუალოდ 4 გოლი მატჩში) და რაც მთავარია, ორივე უშუალო კონკურენტი ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი გასვლაზე დაამარცხა, რაც დარჩენილ სამ ტურში ჩვენს გუნდს ჯგუფის ფავორიტად აქცევს.
შეგახსენებთ, რომ 12 ივნისს საქართველო-ბულგარეთის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზეთ.