საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ივერი მელაშვილი პროკურატურაში გამოიკითხა
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა, ივერი მელაშვილმა გენერალური პროკურატურა დატოვა. პროკურატურაში ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.
ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების ყველა შეკითხვას უპასუხა.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წინა გამოკითხვასთან შედარებით, პროკურატურაში დამატებითი შეკითხვები ჰქონდათ.
„ძირითადად, ლაპარაკია ე.წ. ვიღაცების მიერ აღმოჩენილ 200-ათასიან რუკაზე, 1936-1937 წლების გამოცემულ რუკებზე და რატომ არ იქნა გამოყენებული – ამაზე იყო კითხვები. ის რუკა, მასალა, რაზედაც პრინციპში პროკურატურის მიერ არის გაცხადებული, რომ თავდაცვამ წარადგინა რაღაც პრეტენზიები, ძირითადად არის 200-ათასიანი მასშტაბის რუკა. ამაზე არის ლაპარაკი, რომ თითქოს, ამით საქართველო მოიგებს და ა.შ. ეს გამოცემა არის 1936 წლის. ჩემი განმარტება იყო, რომ არ შეიძლება მეორე მხარესთან საუბარი არასრულყოფილი მასალებით, ის მასალა არის შეუთავსებელი სხვა რუკებთან და შესაბამისად, მიუღებელი. ვიღაცისთვის ეს რუკა შეიძლება, აღმოჩენა იყოს. მაგრამ ეს რუკა კომისიას შესწავლილი აქვს, ანალიზი გაკეთებული აქვს. შესაბამისად, იმიტომ იყო, რომ რაღაც მასალა გამოუყენებადია. ეს რუკები მოძიებული იქნა და დაახლოებით 1995-1996 წლებში სხვა რუკებიც იქნა მოძიებული, მასალები, დადგენილებები. შესაბამისად, კომისიის წევრებისთვის აღმოჩენა არ იყო ნამდვილად და არაერთი მასალა იქნა გამოყენებული ქართული მხარის პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, მხოლოდ სამართლებრივად სწორი დოკუმენტებით. დაკითხვა საბოლოო ჯამში წამოვიდა იქიდან ალბათ, რომ ვიღაც განსხვავებული პირებს გაუჩნდათ ეჭვები და მოიხარშა ვიღაცების თავში, რომ მოვიგებთ. აქ არ არის წაგებაზე და მოგებაზე, უნდა იყო მართალი სამართლებრივად“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ივერი მელაშვილმა.
ამასთან, მისი პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მელაშვილმა განაცხადა: „არ ვიცი, მე მგონია, რომ ვისთანაც გვიმუშავია და ვინც ვმუშაობდით, ნამდვილად არ ვართ დამნაშავეთა რიგებში და არც იმის ღირსი, რომ ვინმეს ასე ესროლო ტალახი. თეორიულად, ყველაფერი შეიძლება. ჩხრეკა ჩატარდა ჩემთან და ილიჩოვასთან, როგორც იცით; აღძრულია საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. საღ აზრს ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება. ჩაივლის ალბათ არჩევნები და ყველაფერი ჩაწყნარდება“, – აღნიშნა ივერი მელაშვილმა.
საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილის სამუშაო ოთახში გუშინ საგამოძიებო ჩხრეკა ჩატარდა. ივერი მელაშვილი 2006-2017 წლებში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრი იყო. ამჟამად ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტში მუშაობს.
ამასთან, დღესვე პროკურატურაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი ნატალია ილიჩოვა გამოკითხეს.
საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.