საქართველო აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპულ კვირეულს შეუერთდა
საქართველო აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპულ კვირეულს შეუერთდა

საქართველო აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპულ კვირეულს შეუერთდა. კონფერენცია საქართველოს აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანიზებით, ასევე ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით იმართება.

განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე.

პროგრამას იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი” საერთო სასამართლოების, საქართველოს პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით ახორციელებს.

კონფერენციაზე აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით წარმატებული საქმიანობისთვის თითოეული უწყების გამორჩეული პროფესიონალები დაჯილდოვდნენ.

2010 წლიდან 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, განრიდების პროგრამით 3 217-მა პირმა ისარგებლა. ამათგან, 2 200-ზე მეტი არასრულწლოვანია, ხოლო ათასამდე ახალგაზრდა 18-დან 21 წლამდე ასაკისაა. მნიშვნელოვნად შემცირდა პატიმარი ბავშვების რაოდენობა; განმეორებით ჩადენილმა დანაშაულმა შეადგინა 9%; შესაბამისი საკვალიფიკაციო გადამზადება გაიარა 2000-ზე მეტმა პროფესიონალმა მედიატორმა, მოსამართლემ, პროკურორმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციონერთა პერსონალმა; გაფართოვდა აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომები ზრდასრულებზე. კერძოდ, 2018 წლის ნოემბრიდან უკვე ამოქმედდა საპილოტე რეჟიმში სისხლის სამართლის მედიაციის ახალი პროგრამა დაზარალებულების, მსჯავრდებულებისა და ყოფილი მსჯავრდებულებისათვის.

კონფერენციაში EU4Justice სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, გაერო-ს ბავშვთა ფონდის, იუსტიციის სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, მთავარი პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი 14-დან 21 წლამდე ასაკის პირისთვის წარმოადგენს ერთ შანსს, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობის, სასჯელის გარეშე, დაიწყოს კანონმორჩილი ცხოვრება და გადადგას ნაბიჯი წარმატებული მომავლისკენ. ეს კი ნიშნავს, რომ ახალგაზრდა განრიდებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამავდროულად, იწყება მედიაციის პროცესი, კერძოდ, განრიდებულის შეხვედრა დაზარალებულთან, შერიგება და იმის გაანალიზება, რომ დანაშაულის ჩადენა არის ცუდი.

აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები ევროკავშირის, საქართველოს მთავრობისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის შედეგია.

აღდგენითი მართლმსაჯულების დღეები საქართველოში ყოველწლიურად იმართება.