ყაზაიშვილის დუბლი და საქართველოს მესამე გამარჯვება | უეფას ერთა ლიგა [ფოტო/ვიდეო]

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დასრულდა უეფას ერთა ლიგის მატჩი საქართველოსა და ანდორის ეროვნულ გუნდებს შორის.

თამაში საქართველოს ნაკრების შეტევებით დაიწყო და ასე გაგრძელდა მთელი მატჩის განმავლობაში. ანგარიში 33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და შემოტრიალებით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა და კარში შეგორდა – 1-0.

მეორე ტაიმის პირველ წუთებზე ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ჯაბა კანკავას მიეცა, თუმცა მისი ახლო მანძილიდან დარტყმული თავური ანდორელთა მეკარემ სასწაულებრივად მოიგერია.

მიუხედავად არასასურველი ანგარიშისა, ანდორის ნაკრებს ტაქტიკა არ შეუცვლია და მეორე ტაიმის ბოლო წუთებამდე მთელი გუნდით იცავდა თავს. 

84-ე წუთზე კი ვაკო ყაზაიშვილმა მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ნიკა კვეკვესკირის მახვილგონივრული პასით ისარგებლა და ტექნიკურად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.

მატჩის ბოლო წამებზე, როდესაც მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა, თავისი გოლი ჯაბა კანკავამაც გაიტანა და საქართველომ დიდი ანგარიშით – 3-0 გაიმარჯვა.

ამ მოგების შემდეგ საქართველოს ნაკრებს სამი მატჩიდან მაქსიმუმი – 9 ქულა აქვს და D1 ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

პარალელურად მიმდინარე მატჩი ლატვიასა და ყაზახეთს შორის ფრედ, 1-1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფში პირველი ადგილის გასანაღდებლად საქართველოს ეროვნულ გუნდს ბოლო სამ მატჩში სამი ქულის აღებაც ჰყოფნის.