ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის პირველ შეხვედრაში საქართველო იაპონიას დაუპირისპირდა და უდრამატულეს შეხვედრაში ორ ქულიანი სხვაობით 24:22 გაიმარჯვა.
მატჩის პირველი ქულები იაპონელებმა მოიპოვეს. ძალისმიერი მიძალებების შემდეგ ლელო იშიდამ დადო – 0:7. საქართველომ ანგარიში მე-12 წუთზე ჯაფარიძის ლელოთი გაათანაბრა.
37-ე წუთამდე ქულები მხოლოდ იაპონელებმა მოიპოვეს. ვაილეას გარდასახულ ლელოს საჯარიმო დარტყმა დაემატა. პირველი ნახევრის დასრულებამდე ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი ლელო დადეს (თაფლაძე 37′) და იაპონიამ პირველი ტაიმი 5 ქულიანი სხვაობით 12:17 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე „ბორჯღალოსნები“ აქტიურობდნენ, თუმცა აბჟანდაძემ შეტევაში ბურთი დაკარგა, რომელიც იავამასამ გადაიკიდა, თავადვე დაეწია და იაპონია კვლავ 10 ქულით დააწინაურა 12:22.
საქართველო მთელი მეორე ტაიმი დომინირებდა, თუმცა ლელოს დადება თაფლაძემ მხოლოდ 71-ე წუთზე მოახერხა – 19:22. ტაიმის დასრულებამდე ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებს“ კიდევ ერთი ლელო სჭირდებოდათ. 77-ე წუთზე ხაზი შესანიშნავად მოთამაშე აბჟანდაძემ გაჭრა, რომელმაც გელაშვილი მონახა. რაქიდან ბურთი აფრასიძემ აიტაცა და საქართველო ორი ქულით წინ გაიყვანა 24:22.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მეორე მატჩი მოიგო და ადგილი შეინარჩუნა. მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში „ბორჯღალოსნები” შოტლანდიას დაუპირისპირდებიან.