საქართველო 2008-მ ირლანდიასაც მოუგო - ფაჩულიამ 17 ქულა დააგროვა, ხატიაშვილი ტურნირის სიმბოლურში მოხვდა #1TVSPORT
საქართველო 2008-მ ირლანდიასაც მოუგო - ფაჩულიამ 17 ქულა დააგროვა, ხატიაშვილი ტურნირის სიმბოლურში მოხვდა #1TVSPORT

დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე 14-წლამდელთა შორის, რომელსაც ლიეტუვას დედაქალაქმა ვილნიუსმა უმასპინძლა. ამროსი ორმოცაძისა და მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა საქართველო 2008-მ გამართული 5 მატჩიდან 4 მოიგო და რეგულარულ ჩემპიონატში სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ორი წრის ჯამში ჩატარებული 10 შეხვედრიდან ქართველებმა 6 მოიგეს და 18-გუნდიან ლიგაში მე-5 ადგილზე არიან.

საკუთრივ მეორე წრის მინი-ტურნირი, რომელმაც ვილნიუსში გამართული 5 მატჩი მოიცვა, ქართველებმა მეორე ადგილზე დაასრულეს. პირველობა ერგო ტურნირის მასპინძელ კლუბ „ვილნიუსი KM“-ს, რომელმაც ხუთივე შეხვედრა მოიგო. მეორე წრის ბოლო მატჩი საქართველო 2008-მ 29 დეკემბერს ჩაატარა. ქართველების მეტოქე ირლანდიური კლუბი „ნორთ ატლანტიკი“ გახლდათ, რომელსაც ჩვენებმა 60:40 მოუგეს.

ჩვენს ნაკრებში 22 ქულით ბომბარდირი გახდა მათე ხატიაშვილი, ხოლო საერთო სარგებლიანობით საუკეთესო შედეგი დავით ფაჩულიამ აჩვენა: 17 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი. ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში ჩვენი გუნდიდან მათე ხატიაშვილი მოხვდა, რომელიც ევროპის ლიგაზე საშუალოდ 17.8 ქულას აგროვებს.

საქართველოს დელეგაცია ვილნიუსიდან 30 დეკემბერს დაბრუნდება და ახალი წლის შემდეგ ვარჯიშები ევროპის ლიგის მე-3 წრისთვის მოსამზადებლად გაგრძელდება, რომელსაც 10-13 თებერვალს ესტონეთის დედაქალაქი ტალინი უმასპინძლებს.

 

GBF