ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც “მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე” გაიმართა საქართველოს ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველმა ფეხბურთელებმა ესტონეთს ორი გოლი პირველივე ტაიმში გაუტანეს.
პირველი გოლი მე-6 წუთზე დებიუტანტმა ჯიმი ტაბიძემ გაიტანა. გატანილი გოლის შემდეგ კვლავ მასპინძლები უტევდნენ. ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ვაკო ყაზაიშვილმა ქართველ გულშემატკივარს შედევრი შესთავაზა – იგი ცრუმოძრაობებით გასცდა რამდენიმე მცველს და საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გოლი შემოგვთავაზა.
მატჩის მეორე ნახევარიც ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა. 65-ე წუთზე მეკარესთან ერთი ერთზე კაჭარავა დარჩა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. გოლის გატანის შანსი მასპინძლებს შეხვედრის მიწურულსაც ჰქონდათ, თუმცა საჯარიმოში მყოფმა ქვილიათიამ ბურთს ფეხი ააცილა.
ვლადიმერ ვაისის გუნდმა ორ ამხანაგურ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და თავად არც ერთი არ გაუშვია.