საქართველო 19-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველო 19-წლამდელთა ნაკრები ესტონეთშია, სადაც თანატოლთა ნაკრებთან ორი ამხანაგურ მატჩი დაგეგმა. ვასილ მაისურაძის გუნდი ბალტიისპირელებს ტალინში პირველ სპარინგში დღეს დაუპირისპირდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

38-ე წუთზე ანგარიში ოთო მამაგეიშვილმა გახსნა – „საბურთალოს“ ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძისგან ბურთი კარიდან დაახლოებით 25 მეტრში მიიღო და უძლიერესი დარტყმით მეკარეს შანსი არ დაუტოვა 1:0.

მეორე ტაიმში ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა შეცვალა და მოედანზე 17 წლის ბევრი მოთამაშე შეუშვა. ამის მიუხედავადაც, უპირატესობას ისევ ჩვენი გუნდი ფლობდა და მეორე გოლი 54-ე წუთზე გაიტანა. ზურაბ რუხაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ შეცვლაზე შესული ჯადული იობაშვილი მეურვისგან გათავისუფლდა და ახლოდან თავით ზუსტად დაარტყა 2:0.

ჩვენებს გატანა ამის შემდეგაც შეეძლოთ. იობაშვილს დუბლის შანსი ჰქონდა, მაგრამ მცველი ეუხეშა და მომენტი მსაჯს არ შეუმჩნევია. ძელს მოარტყა ბურთი ნიკა სიხარულაშვილმა, მცველები გადაეფარნენ ლუკა კეკელიძეს და ლუკა წულუკიძეს, საბოლოოდ კი ანგარიში აღარ შეცვლილა და ჩვენმა 19-წლამდელებმა 2:0 მოიგეს.

საქართველოსა და ესტონეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მეორე მატჩი ტალინში 7 სექტემბერს შედგება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება.


ესტონეთი U19 – საქართველო U19 0:2


გოლები: 0:1 ო. მამაგეიშვილი (38), 0:2 იობაშვილი (54. რუხაძის პასით)

საქართველო: ხარატიშვილი, გოგოტიშვილი, დუნდუა, სალუქვაძე, პირტახია, ო. მამაგეიშვილი, გ. მამაგეიშვილი (კ), რუხაძე, გაგნიძე, კვერნაძე, გვიშიანი

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე