საქალაქო სასამართლოს ცნობით, აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული 51 პირი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
„25 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა საქართველოს პროკურატურის პროტესტები, რომლის თანახმადაც, ამა წლის 21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის შეფარდებული სახდელის ზომა – პატიმრობის ვადა 51 პირის მიმართ შეიცვალა და შემცირდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა დადგენილებების საფუძველზე, 51 პირი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან“, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.
პროკურატურაში გუშინ განაცხადეს, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ.