საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ
საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ

დღეიდან საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციაში, ოპოზიციურ ჯგუფებში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა იწყება. ორშაბათს კი, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

დღეს გაიმართება საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა. სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამა 2021-2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ განხილვა იგეგმება.

მოგვიანებით, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა არის დანიშნული. ამ სხდომის დღის წესრიგშიც არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილი მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა. მომხსენებელი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა გუშინ დაასახელა. მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილებაა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯუანშერ ბურჭულაძე დაიკავებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კი ირაკლი ქარსელაძე იქნება.

დატოვე კომენტარი