საოცრებები საქართველოშიც ხდება - „შუქურამ“ „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ნახევარმცველი დაიმატა #1TVSPORT
„კოლინს ტეინორი, „მანჩესტერ სიტის“ 23 წლის განელი ნახევარმცველი მიმდინარე ჩემპიონატში „შუქურაში“ იასპარეზებს“, – ინფორმაცია ეროვნული ლიგის გუნდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ახალგაზრდა მოთამაშემ ქობულეთურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. „შუქურას“ ახალწვეულის „ბეგრაუნდი“ საინტერესოა – ის 2016–2020 წლებში „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელი იყო, მაგრამ ინგლისურ გრანდში არასოდეს უთამაშია და იჯარით მუდამ სხვაგან უშვებდნენ.
23 წლის კოლინს ტეინორი პოზიციით ნახევარმცველია და ბელგიისა და დანიის გუნდებში უთამაშია – დანიურ „ნორდშელანდში“, „ჰობროსა“ და „ტისტედში“, ასევე ბელგიურ „ბეერსჰოტში“, იყო განას 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი.
გასულ ზაფხულს დანიის მესამე ლიგის „ტისტედთან“ იჯარა დაუსრულდა და „მანჩესტერ სიტიმ“ გაათავისუფლა. „შუქურას“ 23 წლის განელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.