სანქციები და სანქცირებულები - სიაში რუსი ფეხბურთელიც მოხვდა, ჩეფერინმა გარიცხვის შესაძლებლობაზეც მიანიშნა #1TVSPORT
ცნობილი გახდა რუსულ ფეხბურთში მოღვაწე პირთა დამატებითი სია, რომლებსაც ამერიკის და დასავლეთის სანქციები შეეხო. ძირითადად გუნდებისა და სპონსორი კომპანიების ხელმძღვანელები არიან, მაგრამ სიაში ერთი მოთამაშეც არის. ის ბორის როტენბერგ უმცროსია – „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი, რომელიც ბორის როტენბერგის ვაჟია, SMP Bank-ის თანამფლობელის და დირექტორთა საბჭოს წევრის, საფეხბურთო კლუბ „სოჭის“ მფლობელის.
ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ რუს ფეხბურთელებს ევროპაში სავიზო პრობლემები შეექმნათ. „ბოჰემიანსი 1905“-ის ცენტრალური მცველი ევგენი ნაზაროვი და ჩესკე-ბუდეიოვიცეს „დინამოს“ მარცხენა მცველი მაქსიმ მატვეევი ჩეხეთში უმუშევრად დარჩნენ. რუს ლეგიონერებს სამუშაო ვიზები არ გაუხანგრძლივეს, ამიტომ ადგილობრივ ლიგაში აღარ ითამაშებენ და ორივე სახლში დაბრუნდა.
ამავე დროს, უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრე ჩეფერინმა უპასუხა შეკითხვას რუსეთის მიერ ევროპის ფეხბურთის კონფედერაციაში წევრობის შესაძლო გარიცხვის შესახებ და მიანიშნა, რომ ეს გამორიცხული არ არის.
„განიხილება თუ არა რუსეთის უეფა-დან გარიცხვის შესაძლებლობა? არის ბევრი ფაქტორი, რაც ამაზე გავლენას ახდენს. ვითარება კი დღითი დღე იცვლება“, – ამბობს ჩეფერინი.
უეფა-ს პრეზიდენტმა რუსეთში ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული ტურნირების ტრანსლაციის შესაძლო შეწყვეტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა:
„ჩვენ ამაზე ჯერ არ გვისაუბრია. ვფიქრობთ, რომ ამის გაკეთების საფუძველი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ყველაფერი ყოველდღიურად იცვლება, ამიტომ ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ დღეს ეს უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის დღის წესრიგში არ დამდგარა“.
შეგახსენებთ, რომ ფიფა-მ და უეფა-მ რუსულ კლუბებსა და ნაკრებებს მიმდინარე სეზონში ყველა საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის უფლება შეუჩერა. რუსეთის ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ პლეი-ოფში ვერ ითამაშა და, შესაბამისად, ხელიდან გაუშვა შანსი, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ეასპარეზა.