სანიოლს „ჯვაროსნების“ განახლება სურს - საქართველოს ნაკრებს ახალი სისხლი სჭირდება #1TVSPORT
„ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში თავის გამოჩენის საშუალება ბევრ ფეხბურთელს მიეცემა“, – ამის შესახებ ვილი სანიოლმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში ესპანეთთან წაგების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის ბადახოსში 0:4 წაგება მტკივნეული დარტყმა გამოდგა და ფეხბურთელებით უკმაყოფილო დარჩა. ფრანგი მწვრთნელის ნათქვამიდან ირკვევა, რომ ბულგარეთთან მორიგ ექსპერიმენტს ჩაატარებს.
„ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი ვისაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ რა შეუძლიათ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
ფრანგი მწვრთნელის აზრით, საქართველოს ნაკრებს განახლება სჭირდება.
„ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება, ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, შანსს ბულგარეთის წინააღმდეგ მიიღებს“.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში მარცხის შემდეგ, შემდეგ საქართველოს ნაკრები 1 ქულით ჯგუფში ბოლო ადგილზეა.
სექტემბრის სანაკრებო შეკრებას „ჯვაროსნები“ 8 სექტემბერს სოფიაში დაასრულებენ – ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება.