სანიოლმა უეფა გააკრიტიკა - მწვრთნელები მსაჯს თამაშის შეჩერებას ვთხოვდით, მაგრამ მასზე უეფა-დან ზეწოლა იყო, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს #1TVSPORT
სანიოლმა უეფა გააკრიტიკა - მწვრთნელები მსაჯს თამაშის შეჩერებას ვთხოვდით, მაგრამ მასზე უეფა-დან ზეწოლა იყო, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს #1TVSPORT

შოტლანდიასთან ევრო 2024-ის შესარჩევში წაგებული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიის კითხვებს უპასუხა და უეფა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ფეხბურთელები აიძულა, ეთამაშათ საცურაო აუზად ქცეულ „ჰემპდენ პარკის“ მოედანზე.

ფრანგმა სპეციალისტმა თქვა, რომ ის და შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი სტივ კლარკი სთხოვდნენ არბიტრს, შეეჩერებინა შეხვედრა, რადგან ასეთ პირობებში თამაში შეუძლებელი იყო. სანიოლის თქმით, მატჩი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.

„მატჩის დაწყებისთანავე ნათელი იყო, რომ ასეთ მოედანზე ვერ ვითამაშებდით, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა. ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა ჩემთვის და სტივ კლარკისთვის მოესმინა – მატჩის დაწყებიდან სამ წუთში ორივემ მივმართეთ, შეხვედრა შეჩერებულიყო. ბოლოს მოედანზე მაინც დავბრუნდით, რადგან უეფა-ს მხრიდან უდიდეს ზეწოლას განვიცდიდით.

როცა ფეხბურთელი ვიყავი, ყოველთვის მესმოდა, რომ მსაჯებმა უნდა დაიცვან ფეხბურთელები, მაგრამ როცა მათზე ზემდგომი ორგანოები ზეწოლას ახორციელებენ, მათაც უჭირთ. მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია: მადლობა ღმერთს, რომ ამ მატჩში ფეხბურთელებიდან არავინ დაშავებულა.

მე და სტივმა ვთხოვეთ მეოთხე არბიტრს, შეეჩერებინათ მატჩი, მაგრამ გვითხრა, რომ ამის გაკეთება დელეგატის ნებართვის გარეშე არ შეეძლოთ. ბოლოს მთავარმა არბიტრმა გადაწყვეტილება თავად მიიღო, ბევრი გაუგებარი რამ მოხდა.

ასევე უკმაყოფილო ვარ კომუნიკაციის ნაკლებობით. ელოდები გადაწყვეტილებას, მაგრამ არავინ არაფერს გეუბნება. ჩემი აზრით, ფეხბურთი მეტ პატივისცემას იმსახურებს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.