არის ალბათობა, რომ ვილი სანიოლი ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტის ვადა ამოეწურება.
სანიოლმა დეკემბერში გამოცემა France Football-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ წავა, მიუხედავად იმისა, „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ის საგზურს მოიპოვებენ თუ არა.
„ცოტა ვისაუბროთ ვილი სანიოლზე, რომელიც ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატად დასახელდა. ბოლო მონაცემებით, მისი შანსები 1/80-დან 1/14-მდე გაიზარდა. სანიოლი ირლანდიის ნაკრებს უახლოვდება“, – წერს AttackingFooty.
ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები 2021 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა და „ც“ დივიზიონში საუკეთესო პირველადგილოსანი ნაკრების სტატუსი მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს შეხვდება, ხოლო საბერძნეთი – ყაზახეთს. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელი კი პლეი ოფის ფინალში გაირკვევა.